ტრამპის თქმით, სისთან კარგი საუბარი ჰქონდა, შეთახმდნენ ტიკ-ტოკზე და შეხვედრაზე

დონალდ ტრამპმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან გამართულ სატელეფონო საუბარს „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. მისი თქმით, ოქტომბერში ჩინელ კოლეგასთან პირად შეხვედრასაც გამართავს.

ვითარების არსი: საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკელი პრეზიდენტი წერს, რომ სი ძინფინს 31 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში შეხვდება. მისი თქმით, ჩინელი კოლეგა ასევე დათანხმდა TikTok-ის ამერიკული წილის გაყიდვას ამერიკული კომპანიისთვის.

  • ტრამპის თქმით, მიიღო სი ძინფინის მიწვევა მომდევნო წლის დასაწყისში ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, სი ძინფინიც ეწვევა ამერიკას „შესაბამის დროს“.

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, არის პროგრესი ახალი სავაჭრო შეთანხმების, ფენტანილის პრეკურსორების ექსპორტის შეზღუდვისა და რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების საკითხზე.
  • ეს დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირობებში ჩინელ ლიდერთან გამართული რიგით მეორე სატელეფონო საუბარი იყო. ამერიკელი პრეზიდენტი ზარს „ძალიან პროდუქტიულს“ უწოდებს.

ჩაშლილად: დასავლური მედია გასულ კვირას წერდა, რომ თეთრმა სახლმა პეკინისგან ვიზიტის მიწვევა მიიღო. თუმცა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ტრამპს მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა პეკინში ვიზიტზე და სანაცვლოდ ჩინელ ლიდერს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შეხვედროდა.

  • სავარაუდოა, რომ ლიდერები ერთმანეთს 31 ოქტომბერს, სეულში შეხვდებიან. ეს 2019 წლის დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ ლიდერების პირველი შეხვედრა იქნება.

  • ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ მიერ გავრცელებულ საუბრის პრესრელიზში არაფერი ნათქვამია TikTok-ის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე, თუმცა აღნიშნულია, რომ საუბარი „პოზიტიური“ იყო

კონტექსტი: ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ე.წ. სატარიფო ომში გამოცხადებული ზავისა და ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე გაიმართა.

მსგავსი სიახლეები