თურქეთმა 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.
ვითარების არსი: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კანონპროექტს ხელი 15 დღის ვადაში უნდა მოაწეროს.
- "ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, როდესაც ციფრული კონტენტის გაზიარების ზოგიერთი აპლიკაცია ჩვენი ბავშვების გონებას ხრწნის, ხოლო სოციალური ქსელები, სიმართლე რომ ვთქვათ, ნაგავსაყრელებად იქცა," - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვაში.
სტრიქონებს შორის: კანონის თანახმად, ციფრული პლატფორმები, როგორიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და სხვები, ვალდებული იქნებიან, აუკრძალონ 15 წლამდე ასაკის ბავშვებს ანგარიშების შექმნა.
- გარდა ამისა, ონლაინ თამაშების მწარმოებელი კომპანიები ასევე ვალდებული იქნებიან, დანიშნონ წარმომადგენელი თურქეთში ახალი წესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
- კანონპროექტი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს, დანერგონ ასაკის გადამოწმების სისტემები, უზრუნველყონ მშობელთა კონტროლის ინსტრუმენტები და კომპანიებისგან მოითხოვს ოპერატიულ რეაგირებას იმ კონტენტზე, რომელიც მავნედ მიიჩნევა.
დიდი სურათი: კანონპროექტი მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა ქაჰრამანმარაშის საშუალო სკოლაში ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
- პოლიცია იკვლევს თავდამსხმელის ონლაინ აქტივობას (რომელიც ასევე დაიღუპა), რათა დაადგინოს თავდასხმის მოტივები.
- მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" (CHP), გააკრიტიკა ეს ნაბიჯი და აღნიშნა, რომ ბავშვები უნდა დაიცვან "არა აკრძალვებით, არამედ უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკით."