თურქეთი რუსეთისგან შეძენილი S-400-ის სისტემების უკან დაბრუნებას ცდილობს - Bloomberg
სააგენტო Bloomberg წერს, რომ თურქეთი ცდილობს უკან დააბრუნოს S-400-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც მან რუსეთისგან თითქმის ათი წლის წინ შეიძინა.
ვითარების არსი: ეს ნაბიჯი წერტილს დაუსვამს სადავო შესყიდვას, რომელმაც გააუარესა თურქეთის ურთიერთობები აშშ-სა და ნატოს სხვა წევრებთან.
- აღნიშნული ნაბიჯი ანკარას პოტენციურად მისცემს შესაძლებლობას, შეიძინოს ულტრათანამედროვე, ამერიკული მეხუთე თაობის გამანადგურებლები F-35, რომელთა შესყიდვასაც ქვეყანა დიდი ხანია ცდილობს.
- ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა S-400-ის საკითხი ვლადიმერ პუტინთან გასულ კვირას, თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე დააყენა.
- მანამდე კი ანალოგიური დისკუსიები ორ ქვეყანას შორის მაღალჩინოსნების დონეზეც შედგა.
დიდი სურათი: მოსკოვმა და ანკარამ S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება 2017 წელს გააფორმეს.
- აშშ ცდილობდა ამ შესყიდვისთვის ხელი შეეშალა, რის გამოც თურქეთი F-35-ის პროგრამიდან გარიცხა და ზოგიერთი თურქული თავდაცვითი კომპანიის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი (CAATSA) აამოქმედა.
- გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამი იყო, რომ თურქეთისთვის რუსული საჰაერო თავდაცვის კომპლექსების მიწოდება საფრთხეს უქმნის "ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიებისა და პერსონალის უსაფრთხოებას, ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს აწვდის რუსეთის თავდაცვის სექტორს."
- მიუხედავად ამისა, სარაკეტო სისტემები თურქეთს 2019 წლის ზაფხულში მაინც გადაეცა.
კონტექსტი: 2024 წლის აგვისტოში თურქული გაზეთი Cumhuriyet წერდა, რომ რუსეთისგან ნაყიდი S-400-ები თურქეთს საბრძოლო მორიგეობაზე არ დაუყენებია და ისინი საწყობებში ინახებოდა.