WaPo: ჰამასი თანახმაა 3-დღიანი პაუზის სანაცვლოდ 50 მძევალი გაათავისუფლოს

ჰამასი თანახმაა 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლად აყვანილი 50-მდე სამოქალაქო პირი გაათავისუფლოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post მოლაპარაკებებში ჩართულ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ამ დროისთვის მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები ისრაელის პასუხს ელიან. 

სამოქალაქო პირების გათავისუფლების სანაცვლოდ ჰამასი ისრაელისგან 3-დან 5-დღემდე ხანგრძლივობის ცეცხლის შეწყვეტას, ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობის ზრდას და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და არასრულწლოვნების ნაწილის გათავისუფლებას ითხოვს. 

შესაძლო შეთანხმების შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე, მხარეები ამ დროისთვის ისრაელის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, სადაც თემის განხილვა ამ დრომდე გრძელდება. მძევლების ნაწილის შესაძლო გათავისუფლების შეთანხმებას გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც - "მე ვითარებას ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ",- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა სი ძინფინგთან შეხვედრის შემდეგ. 

კონტექსტი

მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამასთან მოლაპარაკებები კატარის მედიაციით უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამ ძალისხმევის ფარგლებში კატარში რამდენიმეჯერ იმყოფებოდა მოსადის დირექტორი, დევიდ ბარნეა. პროცესში მოგვიანებით ჩაერთო აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი, ბილ ბერნსიც. 

სავარაუდოა, რომ შეთანხმება არ შეეხება ჰამასის მიერ დატყვევებულ ისრაელელ სამხედროებს, რომელთა გაცვლაც ორგანიზაციას ისრაელის მიერ დაპატიმრებულ 6 ათასამდე პალესტინელში სურს. 

სწორედ მძევლების საკითხს ეხებოდა ღაზაში ჰამასის უპირობო ლიდერის იაჰია სინვარის ერთადერთი განცხადებაც - სინვარის თქმით, მისი ორგანიზაცია მზად არის ყველა მძევალი ისრაელის მიერ დაპატიმრებულ პალესტინელებში გაეცვალა. 

 

მსგავსი სიახლეები