ჩინეთმა ყველაზე მასშტაბურ აღლუმზე რეფორმირებული არმია და ბირთვული ტრიადა წარადგინა

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ჩინეთმა უახლესი შეიარაღება წარადგინა, მათ შორის პირველად გაიმართა ბირთვული ტრიადის ელემენტების პრეზენტაცია.

ვითარების არსი: დასავლური პრესა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს ჩინეთის ძალის დემონსტრირებად აფასებს, ხოლო ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის დასწრებას ამ ქვეყნების მიერ მსოფლიო წესრიგის გადაწყობის ერთობლივ სურვილს ხედავენ. 

  • ქვეყნის მთავარ, ტიანანმენის მოედანზე სამხედრო აღლუმი 2015 წლის შემდეგ პირველად გაიმართა, პროცესში მონაწილეობა მიიღო 10 ათასმა სამხედრომ - საჰაერო ნაწილში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სამხედრო თვითმფრინავმა. 

  • ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს სინხუას ცნობით, პირველად გაიმართა ახალი სამხედრო შენაერთებისა და უახლესი შეიარაღების დემონსტრირება. 

  • ასევე, პირველად გამოჩნდა ქვეყნის ბირთვული ტრიადის ელემენტები, მათ შორის: შორეული რადიუსის საავიაციო რაკეტა ცზინლეი 1, წყალქვეშა ბაზირების საკონტინენტთაშორისო ცზიულან 3, ასევე სახმელეთო ბაზირების საკონტინენტთაშორისო რაკეტები DF-61 და DF-31. 

  • ჩინური ინგლისურენოვანი გამოცემის Global Times-ის ცნობით, აღლუმზე წარმოდგენილი იყო საკონტინენტთაშორისო ბირთვული რაკეტა DF-5C, რომლის მოქმედების რადიუსიც 20 ათასი კილომეტრია. 

ჩაშლილად: კიდევ ერთი სიახლე სხვადასხვა ტიპის უპილოტო სისტემები იყო, მათ შორის სადაზვერვო, წყალქვეშა და საზღვაო დრონები და განაღმისთვის განკუთვნილი უპილოტო სისტემები. 

  • პირველად გაიმართა საზენიტო კომპლექს HQ-20-ის პრეზენტაცია, რომელიც რუსული С-300-ის ბაზაზეა შექმნილი. 

  • დიდი ყურადღება დაეთმა სხვადასხვა ტიპის საზღვაო და ჰიპერბგერითი რაკეტების პრეზენტაციას. 

სტრიქონებს შორის: აღლუმის დასკვნით ნაწილში სიტყვით გამოსვლისას სი ძინფინგმა განაცხადა, რომ "შეუძლებელია დიადი ჩინელი ერის დაშინება, რომელიც სულ დამოუკიდებელი და ძლიერი იქნება." 

  • დამოუკიდებელი ექსპერტებისა და დასავლური მედიის შეფასებით, ჩინეთი აგზავნის სიგნალს თავისი შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური პროგრესის შესახებ და ამ თვალსაზრისით კონკურენტი ქვეყნების სამხედრო სტრატეგოსებს ბევრ რამეზე აქვთ საფიქრი. 

  • Bloomberg-ის შეფასებით, ჩინეთი ომის თანამედროვე მეთოდებზე ავლენს ორიენტაციას. 

  • "დემონსტრირებული იარაღი მოწმობს, რომ ჩინეთი მზად იქნება დაამყაროს კონტროლი ნებისმიერ საზღვაო აკვატორიაზე შეერთებულ შტატებთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტის პირობებში. საზღვაო დრონებისა და ზებგერითი რაკეტების კომბინაციით ჩინეთი ეგზისტენციალურ საფრთეს შეუქმნის უცხო ქვეყნის ფლოტებს"- ამბობს სინგაპურის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი, ჯეიმს ჩარი. 

კონტექსტი: აღლუმს 17 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, თუმცა საერთაშორისო პრესის ყურადღება ვლადიმირ პუტინის მონაწილეობამ მიიქცია. 

  • "სი ძინფინგი და ვლადიმირ პუტინი ცდილობენ მეორე ომის თემის გამოყენებით ისინი ცდილობენ დასავლური ღირებულებების უარყოფას და მათთვის მისაღები მსოფლიო წესრიგის ლეგიტიმაციას." 

მსგავსი სიახლეები