და მაინც, რა არის დემარში?

გუშინ, 29 მაისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს დიპლომატიური დემარში გადასცა.

ამის მიზეზი რუსეთიდან საქართველოსკენ პირდაპირი ფრენების განახლება იყო.

ქართულ მედიასა და საზოგადოებას განსაკუთრებით ეცა თვალში სიტყვა "დემარში".

ამ კონტექსტში აშკარაა, რომ კარგს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს ტერმინი ბევრი ადამიანისთვის უცხოა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ფრაზის ზუსტი მნიშვნელობა აგვეხსნა.

რას ნიშნავს დემარში?

დემარში დიპლომატიური პროტოკოლის ფორმალური ნაწილია, რაც საკუთარი პოზიციის გამოხატვას გულისხმობს.

როცა რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია მის წარმომადგენელ დიპლომატს დაავალოს კონკრეტულ საკითხზე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებს მათი შეხედულება გადასცეს.

ამდენად, დემარშის მიზანი უცხო ქვეყნის მთავრობის რამეში დარწმუნება, ინფორმირება ან პირიქით, მისგან ინფორმაციის მოპოვებაა.

თუმცა როგორც გუშინ მოხდა, დემარში შეიძლება უცხო მთავრობის რაიმე ქმედების გასაპროტესტებლად გამოიყენონ.

შესაბამისად, დემარში შეიძლება შეიცავდეს მოთხოვნას, შეთავაზებას, პროტესტს, ან სულაც მუქარას.

რამდენადაც ევროკავშირის ელჩის გუშინდელი საჯარო განცხადებიდან ირკვევა, ევროკავშირმა ამ დემარშით საქართველოს თავისი უკმაყოფილება გააცნო. პაველ ჰერჩინსკის ნათქვამიდან გამომდინარე რთული სავარაუდოა, რომ მისი დემარში მუქარასაც შეიცავდა:

"გადავეცით სინანული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ, დათანხმებოდა რუსეთიდან ფრენებს. გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება [ევროკავშირის] 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, არ ჰქონდეთ რუსეთთან ფრენები და არ გაატარონ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავები".

აღსანიშნავია ის, რომ დემარში ევროკავშირის ელჩმა მინისტრს გადასცა. ეს დიპლომატიურ ენაზე საკითხის მნიშვნელობაზე მიუთითებს. სხვა შემთხვევებში, დემარშის გადაცემა უფრო დაბალ დონეზეც არის შესაძლებელი.

რა მოჰყვება დემარშს?

დემარშის შემდეგ დიპლომატიური პოსტი მოხსენებას უგზავნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საიდანაც დემარშის ინსტრუქცია მიიღო. მოხსენება მოიცავს იმის აღწერას, თუ რა მოჰყვა დემარშის გადაცემას და რჩევას იმის შესახებ, თუ რა საპასუხო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი ნაბიჯები კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იქნება ნაკარნახევი.

მსგავსი სიახლეები