ირანმა თურქეთი წინასწარ გააფრთხილა ისრაელზე თავდასხმის შესახებ - Reuters

ირანმა თურქეთს წინასწარ აცნობა ისრაელის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციის შესახებ.

ამის შესახებ Reuters თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს წყაროებმა განაცხადეს, რომ, თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა, თურქეთის გავლით, ირანს შეატყობინა, რომ მისი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს "გარკვეული საზღვრების ფარგლებში."

"საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ რეაქცია იქნება პასუხი ისრაელის თავდასხმაზე დამასკოში, მის დიპლომატიურ ობიექტზე და ეს არ გასცდება ამ ჩარჩოებს," - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

თურქულმა წყარომ, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი გასულ კვირას ესაუბრა თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებს, რათა განეხილათ ირანის მიერ დაგეგმილი ოპერაცია.

სააგენტოს თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ანკარა ინფორმირებული იყო მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ.

გარდა ამისა, თურქეთის უსაფრთხოების სააგენტოს წყაროს ცნობით, CIA-ს უფროსი უილიამ ბერნსი თურქეთის დაზვერვის უფროს იბრაჰიმ კალინს ესაუბრა და სთხოვა, ემოქმედა როგორც "შუამავალს" ისრაელ-ირანის დაძაბულობის მოგვარებაში.

მათ ასევე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები ღაზაში.

14 აპრილის ღამეს ირანმა დრონებითა და რაკეტებით მასიურად შეუტია ისრაელს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ირანმა და რეგიონის პროირანულმა ძალებმა 300-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვეს ისრაელისკენ, რომელთაგან დაახლოებით 170 იყო დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120 ბალისტიკური. ისრაელმა მათი 99% ჩამოაგდო.

მსგავსი სიახლეები