კვლევა: ტრამპის ტარიფებით აშშ-ს ეკონომიკა ზარალობს

მსოფლიო ეკონომიკის კილის ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევას, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფები ექსპორტიორებისთვის საქმის გართულების ნაცვლად, მძიმე ტვირთად ადევს აშშ-ს ეკონომიკას.

ვითარების არსი: მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების შემოღების სამიზნე უცხოური კომპანიები იყო, რეალურად ეს პოლიტიკა აშშ-ს ეკონომიკას აზარალებს.

  • "ტარიფები არის საკუთარ კარში გატანილი გოლი". - ამბობს კილის ინსტიტუტის მკვლევარი ჯულიან ჰინცი.
  • "იმის თქმა, რომ უცხო სახელმწიფოები იხდიან ამ ტარიფებს არის მითი. მონაცემები გვაჩვენებს, რომ გადასახადს ამერიკელები იხდიან". - ვკითხულობთ ჰინცის კვლევაში.
  • მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 4 ტრილიონი დოლარის ღირებულების 25 მილიონ ერთეულზე მეტი მიღება-ჩაბარების დოკუმენტი. 
  • 2025 წელს აშშ-ს საბაჟო შემოსავალი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეებმა გადაიხადეს, დაახლოებით 200 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ჩაშლილად: კველის თანახმად, უცხოელმა ექსპორტიორებმა ტარიფების მხოლოდ 4% გადაიხადეს, დანარჩენი 96% ამერიკელ მყიდველს დააწვა.

  • ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად შემცირდა, მაგრამ არ შემცირებულა საექსპორტო ფასები.
  • კვლევაში ასევე შესწავლილია 2025 წელს ბრაზილიისა და ინდოეთის წინააღმდეგ შემოღებული ტარიფები: ბრაზილიისთვის იმპორტის ტარიფი გაიზარდა 50%-ით, ხოლო ინდოეთისთვის 25-50%-ით. მონაცემები აჩვენებს, რომ უცხოელმა ექსპორტიორებმა, ტარიფის კომპენსაციის მიზნით ფასები არ შეამცირეს.
  • ექსპორტიორებს ტარიფები რომ გადაეხადათ, აშშ-ს ბაზარზე მათი პროდუქციის ფასები შემცირდებოდა - რაც არ მომხდარა.
  • "აშშ-ში ინდოეთის ექსპორტი შევადარეთ კანადასა და ევროპაში ექსპორტს. როგორც ღირებულება, ისე ექსპორტის მოცულობა აშშ-ში შემცირდა, მაგრამ ინდოელი შემომტანების მიერ დაწესებული ფასი ერთეულ პროდუქტზე უცვლელი დარჩა". - წერს ჰინცი.

დიდი სურათი: საბოლოო ჯამში, კვლევის მიხედვით გამოდის, რომ ამერიკული კომპანიების შემოსავალი შემცირდება, ხოლო მომხმარებლებს გრძელვადიან პერსპექტივაში ფასები გაეზრდებათ. ქვეყნები ნაკლებ პროდუქციას შეიტანენ აშშ-ში და იძულებულები იქნებიან იპოვონ სხვა საექსპორტო ბაზრები.

  • "შეიძლება ითქვას, რომ ტარიფები ყველასთვის წამგებიანია". - წერს ჰინცი დასკვნაში.

მსგავსი სიახლეები