მივაღწევთ მის პრეზიდენტობას - კირკის ქვრივმა და მიმდევრებმა ვენსს დაუჭირეს მხარი

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ჯერ არ დაწყებულ ბრძოლაში გასულ უქმეებზე მოკლული კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ქვრივისა და მისი მიმდევრების მხარდაჭერა გაინაღდა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ერიკა კირკმა არიზონაში გამართულ America Fest-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა - ფესტივალი კირკის მიერ დაფუძნებული Turning Point USA-ის მიერ მისი დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული პირველი მსხვილი ყრილობა იყო. 

  • "ჩვენ მივაღწევთ, რომ ჩემი ქმრის მეგობარმა, ჯეი დი ვენსმა დამაჯერებლად გაიმარჯვოს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში"- განაცხადა ერიკა კირკმა. 

  • ფენიქსში გამართულ ღონიესძიებას 30 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა - მათ სცენიდან ერთდროულად 2 დონალდ ტრამპი მიესალმა: პრეზიდენტი და მისი ვაჟი, დონ უმცროსი. 

ჩაშლილად: ფესტივალის მთავარი სპიკერები, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, კონგრესის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და დონალდ ტრამპ უმცროსი იყვნენ - გარდა ამისა სცენა დაიკავეს MAGA მოძრაობის პოპულარულმა მედია პერსონებმა. 

  • თავად პრეზიდენტი ტრამპი ფესტივალს ონლაინ, მას შემდეგ ჩაერთო რაც მას პირდაპირ სცენიდან დაურეკა თავისმა ვაჟმა. 

  • თუმცა წლევანდელი ფესტივალის მთავარი სტუმარი არა ტრამპი, არამედ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი გახდა. 

  • ვენსის განსაკუთრებულ სტატუსზე მიუთითებდა ისიც, რომ ფესტივალი სწორედ მისი გამოსვლით დასრულდა - თავის გამოსვლაში ვენსმა ხაზი გაუსვა "კონსერვატორების ერთიანობის მნიშვნელობას." 

  • ვენსის გამოსვლა გამოირჩეოდა მისი წინამორბედებისგან, რომლებმაც თავიანთი სიტყვის დიდი ნაწილი სხვა კონსერვატორი აქტივისტების კრიტიკას დაუთმეს. 

სტრიქონებს შორის: სკანდალური აღმოჩნდა კონსერვატორებს შორის პოპულარული პოდკასტერისა და აქტივისტის, ბენ შაპიროს გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ "კონსერვატიული მოძრაობას საფრთხეს უქმნიან შარლატანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პრინციპი აქვთ, სინამდვილეში კი კონსპიროლოგიით არიან დაკავებულები."

  • საპასუხოდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, სტივ ბენონმა შაპირო სიმსივნურ წარმონაქმნს შეადარა. 

  • ვენსის თქმით, დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების ისტორიაში "ყველაზე მძლავრი კოალიცია ჩამოაყალიბა და ამ კოალიციას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე შიდა თავდასხმები." 

  • შიდა განხეთქილებიდან "გარე მტრებზე" ყურადღების გადატანას შეეცადა დონალდ ტრამპ უმცროსიც - "ჩვენი მტერი არ არის ბენ შაპირო, ან სტივ ბენონი, ან ტაკერ კარლსონი, ჩვენი ნამდვილი მტრები რადიკალი მემარცხენეები არიან, რომლებმაც მოკლეს ჩარლი და შემდეგ ზეიმობდნენ ამას"- განაცხადა ამერიკელი პრეზიდენტის ვაჟმა. 

  • POLITICO წერს, რომ შიდა დაპირისპირებებმა დამსწრეების ხასიათი გააფუჭა და უფრო სტრუქტურულ პრობლემები გამოკვეთა. 

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო თვეების განმავლობაში MAGA (Make America Great Again) მოძრაობაში წარმოქმნილი განხეთქილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული შუალედური არჩევნების კონტექსტში - ამავდროულად, უქმეებზე გამართული AMFest მოწმობს, რომ ბრძოლა დონალდ ტრამპის მემკვიდრეობისთვის არაფორმალურად უკვე დაიწყო. 

  • ჯეი დი ვენსს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმის შესახებ - თუმცა ასეთი სურვილის შემთხვევაში კირკის მიერ დაფუძნებული Turning Point USA მხარდაჭერა მისთვის მნიშვნელოვანი იქნება. 

დიდი სურათი: მიიჩნევა, რომ კირკის ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ახალგაზრდა ამომრჩევლების მობიზილებაში, განსაკუთრებით ეს შეიმჩნეოდა სწორედ არიზონაში, სადაც კირკის ორგანიზაციამ ათასობით ახალი ამომრჩეველი დაარეგისტრირა. 

  • მიიჩნევა, რომ კირკის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანწილად უზრუნველყო ტრამპის გამარჯვება ამ მერყევ შტატში. 

  • კირკმა მხარი დაუჭირა ჯეი დი ვენსს 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე ოჰაიოს სენატორის პოზიციაზე - ასევე ცნობილია, რომ კირკი ადვოკატირებდა ვენსის ვიცე-პრეზიდენტად დასახელებას. 

დაეწიე ამბავს:  Wall Street Journal-ის ცნობით, კირკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია უკვე აქტიურადაა დაკავებული 2028 წელს ვენსის საპრეზიდენტო კამპანიის მომზადებით. 

  • გაზეთის წყაროების ცნობით, საპრეზიდენტო პრაიმერის დაწყებამდე Turning Point USA გეგმავს აიოვას თითეულ საარჩევნო ოლქში თავისი შტაბის გახსნას - აიოვა კანდიდატების დასახელების საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან შტატად მიიჩნევა.

  • კირკის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია შტატში ვენსის "ქვედა სახალხო დონის მხარდაჭერის" ორგანიზებას გეგმავს. 

კონტექსტი: თავის შესაძლო მემკვიდრედ ვენსი ტრამპმაც არაერთხელ დაასახელა - ამ კონტექსტში ახსენა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. თავის მხრივ, რუბიომ განაცხადა, რომ არ გაუწევს კონკურენციას ჯეი დი ვენსს თუ ეს უკანასკნელი კენჭისყრას გადაწყვეტს. 

 

მსგავსი სიახლეები