პალესტინის აღიარებების ფონზე ისრაელის მთავრობაში დასავლეთ ნაპირის ანექსიას ითხოვენ

დიდი დასავლური სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარებების ფონზე, ისრაელის სამთავრობო კოალიციის ულტრა-მემარჯვენე (და არამხოლოდ) წევრები სულ უფრო ხმამაღლა ითხოვენ მდინარე იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის (West Bank) ფორმალურ ანექსიას.

ვითარების არსი: გასული დღეების განმავლობაში პალესტინის სახელმწიფო გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ აღიარეს. დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილებას მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა ისრაელში.

  • პრემიერ-მინისტრმა ბიბი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის აღიარება არის ჯილდო 7 ოქტომბრის სასაკლაოს მომწყობებისთვის და მსგავსი გადაწყვეტილებები „ახალისებს ტერორისტებს.“

  • პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინა ყველაზე მსხვილი ტალღა 2024 წლის გაზაფხულზე იყო, როდესაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს ესპანეთმა, ნორვეგიამ, ირლანდიამ, სლოვენიამ და სომხეთმა.
  • სულ, მიმდინარე წელს, პალესტინის აღიარების გადაწყვეტილების შესახებ 11 სახელმწიფოს მთავრობამ განაცხადა.

სტრიქონებს შორის: პალესტინის აღიარება, ერთ დროს ახლო მოკავშირეების მხრიდან, კომენტატორების შეფასებით, ისრაელის მზარდ საერთაშორისო იზოლაციაზე მიუთითებს, რომლის მთავარი მიზეზიც ღაზაში ამ დრომდე მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

  • აღნიშნული ქვეყნების მთავრობები ამბობენ, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ვერ მოხდება ღაზაში საომარი მოქმედებების დასრულებამდე.

  • მზარდი სირთულეების მიუხედავად, ისრაელის მთავრობის რიტორიკიდან ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ გადაწყვეტილების შეცვლას; მეტიც, ისინი სხვადასხვა ტიპის საპასუხო ზომებზე მსჯელობენ, რომლის მიზანიც იქნება „არასდროს დაუშვას პალესტინური სახელმწიფოს შექმნა.“

ჩაშლილად: „დრო, როდესაც გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები განსაზღვრავდნენ ჩვენს მომავალს, წარსულს ჩაბარდა. ბრიტანული მანდატი (რედ. პალესტინა) დასრულებულია,“ — განაცხადა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეცალელ სმოტრიჩმა.

  • მალევე მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა მთავრობის კიდევ ერთმა ულტრა-მემარჯვენე წევრმა, იტამარ ბენ-გვირმა, რომელიც სხვა ნაბიჯებთან ერთად ე.წ. პალესტინური ადმინისტრაციის სრული განადგურება მოითხოვა.

  • პალესტინური ადმინისტრაციის გაუქმება მოითხოვეს სამთავრობო კოალიციის უმსხვილესი პარტიის — ლიკუდის წევრებმა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
  • ეკონომიკის მინისტრმა, ნილ ბარკატმა განაცხადა, რომ აუცილებელია იუდეისა და სამარიის (რედ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირს ისრაელის მთავრობა ბიბლიური დასახელებებით მოიხსენიებს) ანექსია.

  • ბიბი ნეთანიაჰუს თქმით, დასავლური ქვეყნების მიერ ისრაელის საპასუხო ნაბიჯს შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ წარადგენს — გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ისრაელის პრემიერი დონალდ ტრამპთანაც გამართავს შეხვედრას.

სიღრმისეულად: გამოცემა Axios-ის წყაროების ცნობით, ისრაელის მთავრობა დასავლეთ ნაპირის С-სექციის ანექსიას განიხილავს, რომელიც მთელი დასავლეთ ნაპირის 60%-ს შეადგენს.

  • კიდევ ერთი ვარიანტი დასავლეთ ნაპირზე განლაგებული ებრაული ახალშენებისა და დამაკავშირებელი გზების ანექსიაა, რაც დასავლეთ ნაპირის 10%-ს გაუტოლდება.

  • ასევე განიხილება მდინარე იორდანეს ხეობის ანექსირება, რაც დასავლეთ ნაპირის 30%-ს შეადგენს.

მეორე მხარე: საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების შეფასებით, დასავლეთ ნაპირის ანექსიით ისრაელი დაარღვევს როგორც გაეროს წესდებას, ასევე ჟენევის კონვენციას.

  • ევროპელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ანექსია ისრაელის მიმართ ევროკავშირის სანქციებს გამოიწვევს.

  • არაბული წყაროების ცნობით, დასავლეთ ნაპირის ანექსიის შემდეგ რიგი არაბული ქვეყნები იძულებულები გახდებიან, დააქვეითონ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ან განუსაზღვრელი ვადით შეაჩერონ ნორმალიზაციის პროცესი.

კონტექსტი: დასავლეთ ნაპირი ისრაელის არმიამ 1967 წელს, 6-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, ქალაქ იერუსალიმთან ერთად დაიკავა. სხვადასხვა მონაცემებით, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სულ 3 მილიონამდე არაბი ცხოვრობს. არაერთი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის შეფასებით, ადგილობრივი პალესტინელები ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის პირობებში ცხოვრებენ.

  • თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპმა ორჯერ დაბლოკა ისრაელის მთავრობის ინიციატივა დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსირებასთან დაკავშირებით.

  • პირველად 2020 წელს, როდესაც ნეთანიაჰუ დასავლეთ ნაპირის 30%-ის ანექსიას გეგმავდა, სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა ისრაელ-პალესტინის დიდი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.
  • „მე ძალიან გავბრაზდი და ეს გეგმა დავბლოკე, რადგანაც ეს ძალიან შორს მიდიოდა,“ — ამბობდა დონალდ ტრამპი 2021 წელს ბარაკ რავიდთან ინტერვიუში.

  • მეორედ, ნეთანიაჰუს მთავრობის მხრიდან ანექსიის გეგმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის ივნისში დაბლოკა.
  • დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსიის სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს არაბთა გაერთიანებული სამეფოს შეიხთან ერთად ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გეგმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ აბრაამის შეთანხმებებში გადაიზარდა.

 

რასთან გვაქვს საქმე: Axios-ის წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუსთვის გადამწყვეტი, 2020 წლის მსგავსად, ამერიკელი პრეზიდენტის პოზიცია იქნება. მათი ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამ დროისთვის არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თეთრი სახლი ნეთანიაჰუს გეგმას დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები