რეზნიკოვი: წინ რამდენიმე ურთულესი კვირა გველის

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ფრონტის ხაზებზე შექმნილ მდგომარეობასა და საომარი მოქმედებების მოსალოდნელ განვითარებაზე ისაუბრა.

რეზნიკოვის თქმით, რუსეთის მხრიდან მასშტაბური შეტევის წამოწყება უკრაინისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. ამის შესახებ მინისტრმა პოსტი თავის ფეისბუკზე გამოაქვეყნა. 

"წინ რამდენიმე ძალიან მძიმე კვირა გველის. მოლაპარაკებების პრაქტიკული რეალიზაცია, წვრთნები და ლოჯისტიკა გარკვეულ დროს მოითხოვს. ხოლო რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით მასშტაბური შეტევისთვის საკმარისი რაოდენობის ძალები უკვე შეკრიბა. 

უკრაინის დახმარება გაიზრდება, მაგრამ მომდევნო დღეებში საჭირო იქნება ჩვენი სიმტკიცე და გაუტეხავი ერთობა. 

მტერი უკვე იაზრებს მის სტრატეგიულ მარცხს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც შეეცდება მოგვაყენოს მაქსიმალური ტკივილი. სამწუხაროდ, გამარჯვების მიღწევამდე ჩვენ კვლავ დავკარგავთ ჩვენს საამაყო მეომრებს. კიდევ იქნება ნგრევა და მტკივნეული მსხვერპლი. 

ჩვენ უნდა გავუძლოთ და ჩვენ აუცილებლად გავუძლებთ. 

გავუძლებთ მათ გამო, ვინც სხვადასხვა ეპოქაში იბრძოდა უკრაინის თავისუფლებისთვის. მარიუპოლის, ხარკოვის, იზიუმის, რუბეჟნოეს, სუმის, ჩერნიჰოვის მცველების და სხვა ქალაქების გმირების გამო. გმირების გამო, რომლებმაც მოიგეს და კვლავაც იგებენ დროს უკრაინისთვის - მომავალი თაობებისთვის. 

ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, დავიბრუნებთ ჩვენს ხალხს. 

ახლა ამაში დარწმუნებულები მხოლოდ ჩვენ აღარ ვართ", - წერს რეზნიკოვი. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში აშშ-ს სამხედრო ბაზა რამშტაინზე გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამიტზე რეალური გარღვევა მოხდა და უახლოეს მომავალში უკრაინა დასავლური სახელმწიფოებისგან თანამედროვე შეიარაღებას მიიღებს. 

ამავე საკითხზე 26 აპრილს კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. დმიტრო კულებას თქმით, ეს ისტორიული მომენტია, როდესაც უკრაინის არმია ნატოს სტანდარტებზე გადადის. 

მსგავსი სიახლეები