სი და პუტინი ახალი გაზსადენის მშენებლობის დაწყების შესახებ ვერ შეთანხმდნენ
ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ვერ მოილაპარაკეს ახალი გაზსადენის (ციმბირის ძალა 2) მშენებლობის დაწყების ვადის შესახებ.
ვითარების არსი: ამის შესახებ ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
- პესკოვის თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ პროექტის ძირითად პარამეტრებზე, თუმცა მშენებლობის დაწყების კონკრეტული ვადები ჯერ არ არის შეთანხმებული.
- "რეალიზაციის ვადებზე კონკრეტული შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს. ეს მაინც კომერციული ინფორმაციაა, თუმცა ეს მაინც საკმაოდ დიდი მიღწევაა"- თქვა პესკოვმა.
დიდი სურათი: მოსკოვი უკვე თითქმის 10 წელია ცდილობს ჩინეთთან ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმებას, რომლის მიზანიც ევროპის ენერგეტიკული ბაზრის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაა.
- გაზსადენის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს ხელი გასული წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინის ჩინეთის ვიზიტის დროს მოეწერა, თუმცა ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, მხარეები კვლავ ვერ თანხმდებიან ფასსა და სავალდებულო შესყიდვის მოცულობაზე.
- ჩინეთი რუსეთის შიდა ბაზრთან დაახლოებულ ფასს და სავალდებულოდ შესასყიდი მოცულობის შემცირებას ითხოვს.
- გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმება მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში მოსკოვის მთავარ პრიორიტეტად მიიჩნეოდა.
კონტექსტი: ვლადიმირ პუტინი ჩინეთში, რიგით 25-ე სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მას ახლავს 5 ვიცე-პრემიერი, 8 მინისტრი, უმსხვილესი სახელმწიფო ფინანსური და ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები და ცენტრალური ბანკის მმართველი.