ტრამპის და ზელენსკის სამიტი - რა თქვეს ლიდერებმა შეთანხმების ცალკეულ პუნქტებზე

მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული შეხვედრა უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებმა დაახასიათეს როგორc პროდუქტიული - მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდი პროგრესია. 

ვითარების არსი: დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია დაახლოებით 25 წუთი გრძელდებოდა. 

  • გამხსნელ განცხადებაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრამ "ბრწყინვალედ" ჩაიარა და საკითხების 95% პრაქტიკულად შეთანხმებულია.

  • ამასთანავე ამერიკელმა პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ სამშვიდობო შეთანხმება საბოლოოდ საერთოდაც ვერ შედგეს. 

  • თავის გამხსნელი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპისა და მისი სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მიმართ მადლობით დაიწყო. 

  • უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, "100%-ით არის შეთანხმებული ამერიკისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები", ასევე სრულდება მუშაობა აღნიშნულ საკითხზე ევროპის ქვეყნებთან გაფართოებულ ფორმატშიც. 

რა თქვეს ლიდერებმა ცალკეულ პუნქტებზე: 

ტერიტორიების საკითხი: გაწეული პროგრესის მიუხედავად, ტრამპის თქმით, კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, მათ შორისაა ტერიტორიების თემა. 

  • ტრამპმა დაადასტურა, რომ კრემლი დონეცკიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს - "როგორც იცით, გარკვეული მიწები დაიკარგა, გარკვეული ტერიტორიების ბედი გადაუწყვეტელია, მაგრამ ეს ტერიტორიები უკრაინამ მომდევნო თვეებში შესაძლოა ისედაც დაკარგოს, აქედან გამომდინარე შესაძლოა უფრო გონივრული იყოს გარიგების გაფორმება ახლა."

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინის აღმოსავლეთში ე.წ. დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე, თუმცა ამ მიმართულებით მოძრაობენ - "ეს ძალიან მძიმე საკითხია, მაგრამ ისეთი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ გადავწყვეტთ." 

  • ამასთანავე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინელები ძალიან "მამაცად და მედგრად იბრძვიან და წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ მოწინააღმდეგეს." 

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ტერიტორიული საკითხების გადასაწყვეტად შესაძლოა საჭირო გახდეს რეფერენდუმი ან კენჭისყრა პარლამენტში - "ეს არ არის მარტო ჩემი გადასაწყვეტი, ეს უკრაინელი ხალხის მიწაა, რომელიც თაობების განმავლობაში მათი იყო." 

  • უკრაინელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელი იქნება "ერთ დღეში" და ამის ორგანიზებისთვის საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

ცეცხლის შეწყვეტა: ზელენსკისგან განსხვავებული პოზიცია დაიჭირა დონალდ ტრამპმა ზავის აუცილებლობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისთვის "გასაგებია" ვლადიმირ პუტინის პოზიცია. 

  • "არა, ცეცხლის შეწყვეტაზე (რედ. რუსეთთან) არ შევთანხმებულვართ და ეს ერთ-ერთი პუნქტია, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ. იცით, პუტინს მიაჩნია, რომ ისინი ახლა იბრძვიან, შემდეგ გაჩერდებიან, მაგრამ თუ ბრძოლები კვლავ განახლდება, რაც შესაძლებელია... მას (რედ. პუტინს) არ უნდა აღმოჩნდეს ასეთ ვითარებაში, ჩემთვის გასაგებია ეს პოზიციაა"- განაცხადა ტრამპმა. 

  • ამასთანავე ტრამპის თქმით, ამ საკითხხე მუშაობა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ პრობლემას მალე მოაგვარებენ. 

რეფერენდუმი: ამერიკელმა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეთანხმების მისაღწევად შესაძლოა უკრაინას რეფერენდუმის ან საპარლამენტო კენჭისყრის ჩატარება დაჭირდეს. 

  • "ვფიქრობ, რომ... იცით, მათ ჰქონდათ სოციალური გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 91% პროცენტი მხარს უჭერს ომის დასრულებას, ისევე როგორც ყველას, რუსეთს სურს ომის დასრულება, მე მსურს ომის დასრულება"- განაცხადა ტრამპმა - უცნობია თუ კონკრეტულად რომელ კვლევაზე საუბრობს ტრამპი. 

  • ამასთანავე ამერიკელმა პრეზიდენტმა მზაობა გამოხატა გაემგზავროს უკრაინაში და მათ შორის სიტყვით მიმართოს პარლამენტს, თუმცა ამ დროისთვის "ამის აუცილებლობას ვერ ხედავს." 

უსაფრთხოების გარანტიები: ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელებისთვის "საკვანძო" სწორედ ეს საკითხია და თქვა, რომ ამ მიმართულებით მხარეებს დიდი პროგრესი აქვთ.

  • ჟურნალისტის კითხვაზე შესთავაზა თუ არა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ტრამპმა უპასუხა: "დიახ, შევთავაზე, ჩვენ ევროპასთან ერთად ვიმუშავებთ, ტვირთის დიდ ნაწილს ევროპელები აწევენ, ეს ლოგიკურიცაა ისინი იქვე არიან, მაგრამ ჩვენ მათ 100%-ით დავეხმარებით, როგორც ისინი დაგვეხმარნენ." 

ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური: ამერიკელ პრეზიდენტს თქმით, მას ჰქონდა საუბარი ამ საკითხზე ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, აამუშავეს სადგური. 

  • "პრეზიდენტი პუტინი უკრაინელებთან ერთად მუშაობს სადგურის ასამუშავებლად, ის ამ თვალსაზრისით ძალიან კარგად იქცევა, მას არ დაუბომბია სადგური რაკეტებით და არც არაფრით, ეს ძალიან საშიში იქნებოდა ყველასთვის.... ეს ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ პუტინი ამ სადგურს ამ ბომბავს"- განაცხადა ტრამპმა. 

ვადები: უკრაინელი ლიდერის თქმით, მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში ინტენსიურად გაგრძელდება, მათ შორის ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და ასევე მომდევნო კვირებში შესაძლოა მრავალმხრივი შეხვედრა, ევროპელი ლიდერების მონაწილეობით მათ შორის ვაშინგტონშიც. 

  • ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა ვადებში იქნება შესაძლებელი შეთანხმების საბოლოოდ მიღწევა ტრამპმა განაცხადა, რომ "თუ პროცესი კარგად წავიდა" შესაძლოა რამდენიმე კვირაში, ხოლო თუ არც ისე კარგად, ან საერთოდ ცუდად ეს შესაძლოა საერთოდაც არ მოხდეს- "მაგრამ ვფიქრობ მომდევნო კვირებში გვეცოდინება საით მიდვივართ."

სტრიქონებს შორის: პრეზიდენტმა ტრამპმა შეინარჩუნა კომპლიმენტალური ტონი ვლადიმირ პუტინის მიმართ და აღნიშნა, რომ მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა. 

  • ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა რუსეთის ჩართულობა უკრაინის აღდგენაში ტრამპმა განაცხადა - "რუსები დაგვეხმარებიან, რუსებს სურთ, რომ უკრაინა წარმატებული იყოს, ეს შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამაზე ვესაუბრებოდი პრეზიდენტსაც (რედ. ზელენსკი), მაგრამ პრეზიდენტი პუტინი ძალიან გულუხვია უკრაინის წარმატების მიმართ და მზად არის მოამარაგოს ენერგეტიკით დაბალ ფასად." 

  • ამასთანავე, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ეს არ არის მისი ომი და ის არასდროს მოხდებოდა თავად, რომ ყოფილიყო პრეზიდენტი და არსებულ ვითარებაში მისი ერთადერთი ინტერესი სიცოცხლეების გადარჩენაა. 

  • "ჩემთვის ეს ძირითადად სიცოცხლეების გადარჩენის საკითხია, ჩვენ ათასობით მილის დაშორებით ვართ, ჩვენ დაცულები ვართ ატლანტის ოკეანით და კიდევ ბევრი სხვა რამით, მაგრამ ევროპელები არა, მაგრამ ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ"- განაცხადა ტრამპმა. 

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ორივე ლიდერს სურს შეთანხმება - "მე მჯერა, რომ ბევრად უფრო ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, იყო დრო როდესაც, ზელენსკი ახლოს და პუტინი არა, იყო დრო როდესაც პუტინს სურდა შეთანხმება და ზელენსკის არა - სწორედ ეს იხილეთ თეთრ სახლში შეხვედრის (რედ. 28 თებერვლის) დროს." 

კონტექსტი: ჟურნალისტის კითხვაზე თუ რის გასაკეთებლად იქნება მზად იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე კვირაში გაირკვევა, რომ შეთანხმება არ შედგება ტრამპმა უპასუხა - "ისინი გააგრძელებენ ბრძოლას და გააგრძელებენ სიკვდილს, ეს არ იქნება კარგი, მაგრამ თუ შეთანხმება არ მოხდება ბრძოლა და სიკვდილი გაგრძელდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, პრეზიდენტ ზელენსკის არ სურს ეს,მე არ მსურს ეს, არც ვლადიმირ პუტინს." 
 

მსგავსი სიახლეები