უკრაინამ, სავარაუდოდ, თანამედროვე რუსული რადარი დააზიანა - რატომ არის მნიშვნელოვანი?

17 აპრილს, სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ვიდეო და ფოტო კადრები, რომლებზეც სავარაუდოდ, უკრაინული კამიკაძე-დრონი, რუსეთში,კერძოდ მორდოვეთის რესპუბლიკაში იმ ტერიტორიისკენ მიფრინავს, სადაც, რუსული ჰორიზონტს-მიღმა რადიოლოკაციური სადგურის (Over-the-horizon radar ან OTHR) მართვის პუნქტის შენობა მდებარეობს. ვიდეო კადრებში ჩანს და ისმის აფეთქების ხმაც. წყაროების მიხედვით, რადიოლოკაციური სადგური დაზიანებულია და, სავარაუდოდ, მისი მუშაობა ამ დრომდე შეჩერებულია.

რა არის რადიოლოკაციური სადგური "Контейнер"?

ჰორიზონტს მიღმა რადიოლოკაციური სადგური (Over-the-horizon radar ან OTHR) წარმოადგენს რადიოლოკაციურ სადგურს, რომელიც საჰაერო სივრცის კონტროლს ათასობით კილომეტრის მანძილზე ახორციელებს. მსგავსი ტიპის სისტემების შექმნის აუცილებლობა ცივი ომის პერიოდში დადგა, რათა, დაპირისპირებულ ბანაკებს (ნატო და სსრკ) საჰაერო სამიზნეების ადრეულად აღმოჩენა შესძლებოდათ.

17 აპრილის საჰაერო ოპერაციაში, უკრაინელებმა, სავარაუდოდ, ჰორიზონტს მიღმა მომუშავე რადიოლოკაციური სადგური 29Б6 «Контейнер» დააზიანეს ან/და გაანადგურეს.

კომპლექსის დახასიათების მიხედვით, მისი მოქმედების რადიუსი რადმენიმე ათასი კილომეტრია და ერთდროულად ათასობით ობიექტის “გაყოლა” ანუ დაკვირვება შეუძლია. სისტემის ფუნქციას ჰიპერბგერითი სამიზნეების, იქნება ეს რაკეტა თუ სამხედრო ავიაცია, აღმოჩენაც წარმოადგენს.

სადგური “Контейнер”-ის პირველი ნიმუში ექსპლუატაციაში 2019 წელს შევიდა და მიმართულია დასავლეთის მიმართულებით; სადგურის გადამცემი ნაწილი ნიჟნი-ნოვგოროდში მდებარეობს, ხოლო, სიგნალის მიმღები - მორდოვეთის რესპუბლიკაში. საუბარია, დიდ, გაშლილ ტერიტორიაზე განლაგებულ 150 ერთეულ 30 მეტრიან ანტენაზე. რუსული სისტემის პირველადი დანიშნულებას, რა თქმა უნდა, ნატოს საჰაერო ობიექტების (სტრატეგიული, ტაქტიკური და სადაზვერვო ავიაცია) აღმოჩენა წარმოადგენს.

„რუსეთის საზღვრიდან ათასობით კილომეტრში საჰაერო სივრცის კონტროლისა და დაზვერვის თვალსაზრისით, სადგურმა დაამტკიცა თავისი მნიშვნელობა და ეფექტურობა. სისტემამ, ამუშავების დღიდან, აღმოაჩინდა და დაადგინა ნატოს სტრატეგიული, ტაქტიკური და სადაზვერვო ავიაციის ტრაექტორიის პარამეტრები, მათ შორის, Stealh-ის (რადარებისთვის უხილავი ან/და რთულად აღმოჩენადი) ტიპის გამანადგურებლებიც“ - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

სისტემის შემქმნელი კომპანიის დირექტორის, კირილ მაკაროვის განცხადებით - “ეს რადიოლოკაციური კომპლექსია, რომელიც ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დასავლურ ნაწილს სრულად კეტავს” სისტემის ექსპლუატაციაში შესვლიდან მალევე, რუსულ საინფორმაციო სივრცეში აქტიურად იწერებოდა, რომ სადგურმა F-22 და F-35 ტიპის Stealth-ის ტექნოლოგიის მქონე სამხედრო თვითმფრინავები უკვე აღმოაჩინა.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

საჰაერო სამიზნეების ადრეული აღმოჩენა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ნაწილში. მოწიინაღმდეგის მხრიდან გამოშვებული ნებისმიერი სახის საჰაერო ობიექტის მიმართ კონტრზომების გატარებაში, სწორედ, მსგავსი ტიპის სისტემები თამაშობენ გადამწყვეტ როლს.

მაშინ, როცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა, ბრიტანეთისგან, საავიაციო გამოყენების ფრთოსანი რაკეტები Storm Shadows-ები და საფრანგეთისგან Scalp-EG მიიღეს, რომელთა გადამტანი უკრაინის საჰაერო ძალებში არსებული SU-24-ის ტიპის ბომბდამშენებია, მსგავსი ტიპის რადიოლოკაციური სადგურის თუნდაც დროებითი მწყობრიდან გამოყვანა, სტრატეგიულ მიღწევადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგანაც, რუსეთს, ადრეული აღმოჩენის სისტემის დაზიანება, მსგავსი ტიპი თანამედროვე შეიარაღებისა და უკრაინული კამიკაძე-დრონების მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.

 

მსგავსი სიახლეები