ვინ არის გაეროს ყოფილი ინსპექტორი, რომელიც ბუჩის სასაკლაოში უკრაინას ადანაშაულებს

ბუჩის გათავისუფლების შემდეგ, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილმა სამხედრო დანაშაულებმა მთელი მსოფლიო შეძრა. სასაკლაოზე ცნობების გავრცელების დღიდან კრემლი და მისი პროპაგანდისტული მანქანა დაუღალავად ცდილობენ დანაშაულზე პასუხისმგებლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დააკისრონ. 

ამ დროის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო დეზინფორმაციის მანქანამ ბუჩის ირგვლივ უკვე შექმნა რამდენიმე კონსპირაციული თეორია, რომლის მიზანიც აბსოლუტურად მკაფიო მოცემულობისა და ფაქტების შებღალვა და მსოფლიო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანაა. 

სწორედ ამ მიზნით, ამ თემაზე სალაპარაკოდ რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიების საყვარელ ექსპერტად გაეროს შეიარაღების ყოფილი ექსპერტი, სკოტ რიტერი იქცა, რომელიც ბუჩის სასაკლაოში უკრაინას ადანაშაულებს. ამ დროის განმავლობაში რიტერმა ვრცელი ინტერვიუები მისცა პრაქტიკულად ყველა დიდ და მნიშვნელოვან რუსულ მედიასაშუალებას. 

იგი თავის ინტერვიუში ავითარებს კონსპირაციულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ბუჩაში შეჭრილმა რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივებთან "ნაყოფიერი" თანამშრომლობისა და "თანაცხოვრების" ორგანიზება შეძლეს. მისი თქმით, ოკუპაციის კვირების განმავლობაში რუსი ჯარისკაცები ნატურალური ბარტერის მეშვეობით ადგილობრივებს სხვადასხვა პროდუქტებს უცვლიდნენ. 

მისივე განმარტებით, ბუჩაში დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოებზე ჩანს მწვანე ყუთები, რომლებიც რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაცემულ მშრალ სპეც-საჭმელს წარმოადგენს. 

რიტერი აღნიშვანს იამასაც, რომ "მისი ანონიმური წყაროების ინფორმაციით" ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალურმა პოლკა საფარიმ მოკლა, რაც სინამდვილეში ადგილობრივი კოლაბორაციონისტების დასჯის ოპერაციას წარმოადგენდა და არა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს. 

პედოფილიისთვის ნასამართლევი, RT-ის კონტრიბუტორი - ვინ არის სკოტ რიტერი?

სკოტ რიტერი ნამდვილად არის გაეროს ყოფილი ექსპერტი, რომელიც 1991-1998 წლებში ერაყში მუშაობდა და სადამ ჰუსეინის სამხედრო პროგრამებს მეთვალყურეობდა. მალევე რიტერი უცხო სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაში ამხილეს - ის დაქორწინებული იყო ვინმე მარინა ხატიაშვილზე, რომელიც ამერიკული გუნდის მთარგმნელად მუშაობდა და საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი იყო. 

1998 წელს რიტერმა თანამდებობა დატოვა და აშშ ერაყთან მიმართებით რბილ პოზიციებში დაადანაშაულა. ამის შემდეგ მას მოუწია ჩვენებების მიცემა აშშ-ს სენატისთვის, სადაც მისი დაკითხვის პროცესს ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელმძღვანელობდა. 

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე, რიტერი არასრულწლოვანთან ინტიმური შეხვედრის ორგანიზებაში ამხილეს - იგი სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა პოლიციელს, რომელმაც თავი 16 წლის გოგონად გააცნო. 

2009 წელ - მას შემდეგ რაც რიტერი ინტერნეტ ჩატის მეშვეობით ახლო და ინტიმურ კომუნიკაციაში შევიდა მომხმარებელთან, რომელმაც თავი 15 წლის გოგოდ წარმოადგინა - კიდევ ერთხელ დააპატიმრეს. "15 წლის გოგონა" სინამდვილეში ისევ პოლიციელი აღმოჩნდა. 

მალევე რიტერს რამდენიმე ბრალი წაუყენეს, მათ შორის არასრულწლოვანთან დანაშაულებრივი კომუნიკაციასა და გარყვნილ ქმედებაში - მას ბრალის მხოლოდ ერთი ნაწილი დაუმტკიცდა და საპატიმრო 2014 წლის გაზაფხულზე, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. 

რიტერის ჟურნალისტური კარიერა 2019 წელს იწყება, ამ დროიდან მან დაიწყო სვეტების წერა რუსული პროპაგანდისტული RT-სთვის, ხოლო განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუსულ პროპაგანდისტულ საშუალებებზე ის ხშირად საუბრობდა რუსეთის ეფექტურ სამხედრო სტრატეგიაზე, რომლის მთავარი მიზანიც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის თავიდან აცილებაა. 

თუმცა, რიტერის ვარსკვლავური საათი სწორედ ბუჩაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მოწყობილი სასაკლაოს შემდეგ დადგა.

პირველი აპრილიდან მოყოლებული რიტერი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა პროპაგანდისტული რესურსებიდან მომხდარში ადანაშაულებდა უკრაინას - ამ მცდელობების შედეგად ტვიტერმა რიტერის ანგარიშს სამუდამო ბლოკი დაადო.

წყარო: Insider

მსგავსი სიახლეები