აშშ-ს დაზვერვის აზრით, ЗСУ ვერ გაათავისუფლებს საკვანძო ქალაქ მელიტოპოლს - WaPo

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყებების შეფასებით, მიმდინარე კონტრიერიშის ფაზაში უკრაინა ვერ შეძლებს სტრატეგიული ამოცანის შესრულებას და საკვანძო ქალაქ მელიტოპოლის გათავისუფლებას. 

ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ამერიკულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ დაზვერვის ამგვარი შეფასება კონტრიერიშის მიმდინარეობისას რუსეთის თავდაცვის შედარებით მაღალ ეფექტურობას, მათ მიერ აგებული დაცვის ხაზებისა, ვრცელი დანაღმული ველებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების ფართო ქსელს უკავშირდება. 

მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინის არმია იეირიშს ქალაქ ორეხოვიდან რობოტინე-ტოკმაკის ხაზით აწარმოებს. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიის წინსვლა ჯერჯერობით ყველაზე მცირეა, ბახმუტსა და დონეცკის ოლქთან შედარებით. 

ამერიკული დაზვერვის შეფასებით, უკრაინელები შეძლებენ ფრონტის გარღვევას, მაგრამ მათი წინსვლის პოტენციალი ქალაქ მელიტოპილიდან რამდენიმე კილომეტრში ამოიწურება. 

მელიტოპოლი სამხრეთ უკრაინის საკვანძო ქალაქად მიიჩნევა და ყირიმის ნახევარკუნძულის კარიბჭედ მიიჩნევა - მელიტიპოლში თავს იყრის 2 სტრატეგიული ავტომაგისტრალი და ასევე სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი. სწორედ ამ ლოჯისტიკური ცენტრის გავლით ამარაგებს რუსეთი თავის სამხედრო დაჯგუფებას უკრაინის სამხრეთში. 

გამოცემის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის რთული იქნება ისეთი ქალაქების დაკავება როგორიც ტოკმაკია - "რუსებს იქ ძალიან კარგად გამაგრებული რაიონები აქვთ, ხოლო უკრაინელების ამოცანაა გადალახონ არამხოლოდ 1 დაცვის ხაზი, არამედ სამივე და შემდეგ კიდევ დარჩეთ ძალები იერიშის გასავითარებლად",- ამბობს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მკველვარი, რობ ლი. 

გამოცემის წყაროები საუბრობენ, რომ შედარებით მოკრძალებული წინსვლის მიუხედავად უკრაინელები წარმატებით აგრძელებენ რუსეთის არმიის საბრძოლო პოტენციალის განადგურებას. 

"რუსები საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან, მათ უზარმაზარი დანაკარგები აქვთ, მათი საბრძოლო მორალის მდგომარეობა არ არის კარგი",- ამბობს ერთ-ერთი მათგანი გაზეთთან საუბარში. 

კონტექსტი 

გასულ კვირებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე მიმართულებით წაიწიეს წინ. მათ შორის 16 აგვისტოს ЗСУ-მ გაათავისუფლა სოფელი ურაჟაინოე, რომელიც ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე, ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე მდებარეობს. ამ დასახლებიდან 5-7 კილომეტრში ოკუპანტების ძირითადი დაცვის ხაზებია, რომელთა დაძლევის შემთხვევაში უკრაინის არმიას ოპერაციული სივრცე გაეხსნება. 

უკრაინელებმა წინ წაიწიეს რობოტინეს რაიონში, ბოლო ცნობებით უკრაინელი მებრძოლები დასახლების თითქმის ნახევარს აკონტროლებენ. რობოტინე-ტოკმაკი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, იერიშის მთავარი მიმართულებაა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინა ბრძოლაში ჩართო დასავლეთის მიერ აღჭურვილი და გაწვრთნილი შენაერთები, რომლებიც ამ დრომდე რეზერვში რჩებოდნენ. 

უფრო მეტი ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე

 

მსგავსი სიახლეები