WSJ: პუტინთან შეხვედრამდე ტრამპი უკრაინის წითელ ხაზებს დათანხმდა
.jpeg)
ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამდე, ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარში ამერიკელი პრეზიდენტი უკრაინის მიერ წარდგენილ წითელ ხაზებს დაეთანხმა.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს - დასავლელი ლიდერების ონლაინ კონფერენცია 13 აგვისტოს გაიმართა.
- სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, პოლონეთისა და ფინეთის ლიდერები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი.
- გაზეთის წყაროების ცნობით, ონლაინ კონფერენციის ორგანიზება ფრიდრიხ მერცის ინიციატივა იყო - გერმანიის კანცლერი შიშობდა, რომ "საბჭოთა მზვერავი" შეძლებდა ამერიკელი პრეზიდენტის დაყოლიებას შეთანხმებაზე, რომელიც საზიანო იქნებოდა როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპის ინტერესებისთვის.
- მერცმა საუბარს კონსტრუქციული უწოდა და თქვა, რომ ამერიკელი პრეზიდენტისგან მიიღეს პირობა, რომ პუტინთან შეხვედრისას არ იქნება განხილული ტერიტორიული საკითხები, რომელიც უკრაინის ექსკლუზიური პრეროგატივაა.
Big Picture: წყაროების ცნობით, ტრამპმა ევროპელ კოლეგებთან საუბარში თქვა, რომ პუტინს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მოსთხოვს, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთი მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
- "უკრაინისა და ევროპის ფუნდამენტური ინტერესები ალიასკაში გასამართ შეხვედრაზე დაცული უნდა იყოს. ეს იყო ჩვენი გზავნილი ამერიკელი პრეზიდენტის მიმართ"- განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
- გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინა მზად არის ტერიტორიული საკითხების განსახილველად, მაგრამ ნებისმიერი პროცესი ფრონტის არსებულ ხაზებს უნდა დაეყრდნოს.
- შეხვედრას "შესანიშნავი" უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ და განაცხადა, რომ "ახლა ბურთი პუტინის მოედანზეა."
Break It Down: საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზაობა და სურვილი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.
- მაკრონის სიტყვების დადასტურების შემთხვევაში ეს ამერიკელი პრეზიდენტის პოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება - გასულ თვეებში ტრამპი თავს არიდებდა კითხვებს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა.
- გაზეთის წყაროების ცნობით, გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მოულოდნელმა დაანონსებამ ევროპელი ლიდერების შფოთვა და ღელვა გამოიწვია, თუმცა ბოლო დღეებში ამერიკული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მოკავშირეებს შორის ურთიერთობები კვლავ დათბა.
- ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოთქვეს ევროპელებთან ახლო კოორდინაციის მზაობა და სურვილი მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიან შეთანხმებას.
- წყაროების ცნობით, ევროპელი მაღალჩინოსნების სასიამოვნო გაკვირვება გამოიწვია ჯეი დი ვენსმა, რომელმაც ბრიტანეთში გამართული შეხვედრის დროს ტრანს-ატლანტიკური მოკავშირეების პოზიციების დაახლოებისა ინტერესი და ვითარების დეტალური ცოდნა გამოამჟღავნა.
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკრაინის წითელი ხაზების სია გადასცა, რომელიც შემდეგ 5 პუნქტს მოიცავს: ცეხლის შეწყვეტა როგორც შემდგომი მოლაპარაკებების პრე-რეკვიზიტი, ნებისმიერი ტერიტორიული განხილვები ფრონტის არსებულ ხაზებს უნდა დაეყრდნოს, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ქმედითი უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინის მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში და დასავლური მხარდაჭერის გაგრძელება.
Сontext: წყაროების ცნობით, ევროპელი ლიდერები სამიტში ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობასაც ადვოკატირებდნენ, თუმცა ტრამპის განმარტებების შემდეგ, რომ უკრაინელი პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ შეხვედრაში მათი პოზიცია შერბილდა.
- ამერიკელმა პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს განუმარტა, რომ მის შეხვედრას პუტინთან ძირითადად ფასილიტატორულ ჭრილში განიხილავს, რომელსაც წარმატების შემთხვევაში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა უნდა მოყვეს.
- პარალელურად ცნობილი გახდა რუსული დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ალიასკაში გასამართ სამიტზე.