ჩინეთი რუსეთს დრონების ძრავებს "მაცივრების" საფარქვეშ აწვდის - Reuters

სანქციების გვერდის ავლით, ჩინური ძრავები ფარულად, "სამრეწველო სამაცივრე დანადგარების" მარკირებით რუსულ სახელმწიფო კომპანიას მიეწოდება, რომელიც დრონებს აწარმოებს.
State Of Play: ამ ინფორმაციას Reuters ევროპული უსაფრთხოების უწყებების წყაროებსა და დოკუმენტებზე (კონტრაქტები, ინვოისები, საბაჟო დოკუმენტები) დაყრდნობით ავრცელებს.
- სააგენტოს ინფორმაციით, ამ ძრავებმა რუსულ იარაღის მწარმოებელ კომპანია "კუპოლს" შესაძლებლობა მისცა, გაეზარდა Гарпия А1-ის ტიპის დამრტყმელი დრონების წარმოება, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ოქტომბერში დაწესებული სანქციების მიუხედავად.
- "კუპოლის" შიდა დოკუმენტი აჩვენებს, რომ კომპანიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, წელს 6000-ზე მეტი Гарпия-ს წარმოება იგეგმება, 2024 წელს წარმოებული 2000 დრონის ნაცვლად. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აპრილამდე უკვე 1500-ზე მეტი დრონი გაეგზავნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.
Big Picture: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი თვეში დაახლოებით 500 ერთეულს შორ მანძილზე მოქმედ დრონს იყენებს, რათა უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს დაესხას თავს.
- Reuters-ის წყაროებმა ანონიმურად დარჩენა მოითხოვეს, რადგანაც ინფორმაცია კონფიდენციალურია. მათ ასევე გამოცემას სთხოვეს, არ გამჟღავნებულიყო დოკუმენტების ზოგიერთი კონკრეტული დეტალი, მაგალითად, კონტრაქტების თარიღები და ღირებულება.
- თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ მათ არაფერი იციან Гарпия-ს დრონებისთვის განკუთვნილი ნაწილების ექსპორტის შესახებ. სამინისტრო აცხადებს, რომ აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების საქონლის საზღვარგარეთ გაყიდვას საკუთარი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.