"ჩვენ გვჭირდებით, მაგრამ თქვენც გჭირდებით"- მერცი ტრამპთან შესახვედრად ემზადება

გერმანიის კანცლერი ვაშინგტონში იმყოფება და დონალ ტრამპთან პირველი შეხვედრისთვის ემზადება - სავარაუდოა, რომ მთავარი თემები რუსეთ-უკრაინის ომი, სავაჭრო შეთანხმება და თავდაცვის ხარჯების ზრდა იქნება.
State Of Play: ფრიდრიხ მერცის თვითმფრინავი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ დაეშვა - ლიდერების შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით 20 საათზე დაიწყება. კომენტატორების შეფასებით, გერმანელი კანცლერის ვიზიტის მთავარი მისია იქნება "შეინარჩუნოს ამერიკის ჩართულობა ევროპის უსაფრთხოებაში."
- ამგვარად ფრიდრიხ მერცი შეკრავს იმ ევროპელი ლიდერების წრეს, რომლებიც გასულ კვირებში კოორდინირებული ვიზიტებით ცდილობდნენ ტრამპი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი მიდგომის სარგებელში დაერწმუნებინათ.
- გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ლიდერები თავიანთი ვიზიტების ფარგლებში ცდილობდნენ დაეჩქარებინათ ახალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება და შეენარჩუნებინათ ამერიკის ინტერესი ევროპის უსაფრთხოების დაცვის კუთხით.
Big Picture: ყველაფერთან ერთად მერცმა ამერიკელ პრეზიდენტთან ნაყოფიერი პერსონალური ურთიერთობების დამყარებაც უნდა შეძლოს, პრეზიდენტთან, რომლის ბაბუაც გერმანიის ქალაქ კალშტადში დაიბადა.
- ემანუელ მაკრონისგან განსხვავებით, მერცს ტრამპთან ურთიერთობების დიდი გამოცდილება არ აქვს - ცნობილია, რომ ისინი ერთმანეთს წლების წინ, ერთ-ერთ ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდნენ, როდესაც ორივე მათგანი ბიზნესმენი იყო. გარდა ამისა ლიდერებს შორის მიმდინარე წელს რამდენიმე სატელეფონო საუბარიც შედგა.
- "ისარავით სწორ მერცს არ აქვს ტრამპის მსგავსი იუმორი და სიხალისე, მაგრამ მათ შორის მსგავსებებიც არის: ორივე მათგანი ყოფილი ბიზნესმენია და არცერთი მათგანი არ გამოირჩევა მოთმინების დიდი უნარით."- ნათქვამია მერცის ვიზიტის შესახებ Wall Street Journal-ის მიერ მომზადებულ მასალაში.
- ვიზიტის წარმატებაზე შესაძლოა დადებითად იმოქმედოს იმ ფაქტმა, რომ მერცი პრაქტიკულად "უაქცენტო" ინგლისურით საუბრობს.
Сontext: მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ოვალურ კაბინეტში გამართული სკანდალური შეხვედრების ფონზე არსებობს გარკვეული რისკებიც - ვოლოდიმირ ზელენსკისა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსა ვიზიტებმა ნათლად გამოაჩინა, თუ რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს დონალდ ტრამპთან შეხვედრა.
- ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის გარემოცვის წევრები მსგავს სკანდალებს ნაკლებად ვარაუდობენ. მათი აზრით, მერცთან შეხვედრა "მეგობრული და რუტინული" იქნება, მით უფრო, თუ გერმანიის კანცლერს არ ექნება გადაჭარბებული რეაქცია, ტრამპის მხრიდან შესაძლო მკვახე გამონათქვამებზე.
Break It Down: სავარაუდოა, რომ მერცის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი სავაჭრო შეთანხმებების დაჩქარება იქნება - გერმანიის ექსპორტ-დამოკიდებულ ეკონომიკას ყველაზე მეტი აქვს დასაკარგი "გაჭიანურებულ სავაჭრო ომებში" - ვაშინგტონი ბერლინის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
- ტრამპის მიერ ევროკავშირის იმპორტზე 50%-იანი ტარიფების ამოქმედების ვადის გადაწევის მიუხედავად, ჯერ კიდევ მოქმედებს 25%-იანი საბაჟო გადასახადი გერმანული ეკონომიკის მედროშე ავტოინდუსტრიაზე.
- ასეთ ვითარებაში მერცი შეეცდება ტრამპის დარწმუნებას, რომ ჩინეთის შესაკავებლად შტატებს ევროპის დახმარება და ერთიანი ფრონტი სჭირდება - ამერიკელი პრეზიდენტის ინტერესის წასახალისებლად მერცი მზად არის ამერიკული შეიარაღების მრავალმილიარდიანი შესყიდვებისთვის, ასევე ამერიკული თხევადი გაზის შესყიდვების გასაზრდელად.
- გერმანია ასევე მზად არის შეარბილოს სხვა "არასატირიფო" შეზღუდვები, რომლებიც გაზრდის ამერიკული პროდუქციის წვდომას გერმანულ ბაზარზე, თუმცა ჯერჯერობით არ განიხილება ისეთი შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ევროკომისიის პრეროგატივაა, მაგალითად, სოციალური მედია პლატფორმების რეგულაციების შერბილება.
- ევროკავშირის ქვეყნებში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის ჭარბი რეგულირება ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, თავის არსში სავაჭრო შეზღუდვაა და ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას კონტინენტზე.
Pressure On Russia: რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მერცის ძირითადი ამოცანა იქნება დაარწმუნოს ტრამპი, რომ ევროპა და პირველ რიგში გერმანია მზად არიან უფრო მეტი გააკეთონ უკრაინის დასახმარებლად და თავის თავზე აიღონ უფრო დიდი პასუხისმგებლობა.
- გერმანიის კანცლერი შეეცდება ტრამპს დააჯეროს, რომ სასანქციო წნეხის გაზრდის გარეშე ვლადიმირ პუტინი სერიოზულ დათმობებზე არ წამოვა.
- გასულ კვირას ევროპულ ქვეყნებში იმყოფებოდა სენატორი ლინდსი გრემი, რომელსაც ეკუთვნის ინიციატივა რუსული ენერგომატერებლების შემსიყდველებისთვის 500%-იანი სავაჭრო ტარიფების დაწესების შესახებ.
- ადგილობრივ გერმანულ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში გრემი ამბობდა, რომ მერცმა უნდა დაანახოს ტრამპს, რომ ევროპა მზად არის გარკვეული დისკომფორტი აიტანოს.
Backing Strong Europe: ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაძლიერება და აქტუალიზაცია მერცის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება. განსაკუთრებით, ჰააგაში ივნისის მიწურულს დაგეგმილი სამიტის მოახლოების ფონზე.
- ევროპელებს სურთ დაარწმუნონ ტრამპი, რომ ამჯერად თავდაცვაზე სერიოზულ ფულს ხარჯავენ - სანაცვლოდ კი იმედოვნებენ, რომ ამერიკა კიდევ ერთხელ გამოხატავს ერთგულებას ალიანსის მიმართ.
- მერცის ლიდერობით გერმანია თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2.1%-დან 3.5%-მდე გაზრდას გეგმავს, გარდა ამისა მშპ-ს დამატებით 1.5% თავდაცვასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.
- გასულ კვირას ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა გერმანია "გამოარჩია" იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით სწრაფად ზრდიან თავდაცვის ხარჯებს.
Linking Trading And Security: მოსალოდნელია, რომ ვერც მერცი და ვერც მისი ევროპელი კოლეგები ვერ შეძლებენ მათი ყველა პრიორიტეტის დაკმაყოფილებას - ტრამპის აზრით, ამერიკის მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ქოლგის სანაცვლოდ ევროკავშირმა ამერიკისთვის ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმებით უნდა დააბალანსოს.
- "უსაფრთხოების ნაწილში ევროპის არსებული დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე და მათი ეკონომიკების ღიაობა ევროპას გეოკონომიკური წნეხის მიმართ ძალიან მოწყვლადად აქცევს"- ამბობს Brookings-ის ინსტიტუტის მკვლევარი, კონსტანც შტელცენმიულერი.