დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ნიგერში ინტერვენციისთვის ემზადებიან

ნიგერში სამხედრო პუტჩის შემდეგ რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების მეთაურებმა პუტჩის საპასუხოდ ნიგერში შეიარაღებული ინტერვენციის გეგმა შეიმუშავეს.

ამ ინფორმაციას RFI ავრცელებს.

"მეთაურების მიერ დამტკიცებული რეკომენდაცია შეიცავს შესაძლო ინტერვენციის ყველა ელემენტს, მათ შორის ამისთვის აუცილებელ რესურსებს, აგრეთვე იმას, თუ როგორ და როდის განვათავსებთ ჯარებს" - თქვა პოლიტიკურ, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში კომისარმა აბდელ-ფატავ მუსამ ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში, სამხედრო ლიდერთა სამდღიანი შეხვედრის შემდეგ.

მან აღნიშნა, რომ ECOWAS-ის სახელმწიფოების მეთაურები აპირებენ გადაწყვეტილების მიღებას, თუ როგორ გააგრძელონ მოქმედება ამ რეკომენდაციის საფუძველზე.

რამდენიმე საათით ადრე, ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ თავისი ქვეყნის სენატს მოუწოდა ავტორიზაცია მისცეს ნიგერში შეიარაღებულ ინტერვენციას. ტინუბუ, რომელიც ECOWAS-ს თავმჯდომარეობს, მხარს უჭერდა "ჯარის სამხედრო აღჭურვას და პერსონალის სამხედრო ინტერვენციისთვის გამოყენებას" იმ შემთხვევაში, თუ ნიგერელი პუტჩისტები არ დათანხმდებიან მოლაპარაკებებს.

ულტიმატუმი პუტჩისტებს

ECOWAS-ის ქვეყნებმა გასულ კვირას ნიგერში პუტჩისტებს ულტიმატუმი წაუყენეს და კონსტიტუციური წესრიგის ერთი კვირის განმავლობაში აღდგენა მოითხოვეს. უარის შემთხვევაში ისინი სხვადასხვა ზომების მიღებით, მათ შორის ძალის გამოყენებით ემუქრებოდნენ გადატრიალების ავტორებს.

ECOWAS-მა უკვე რამდენჯერმე ჩამოაყალიბა სწრაფი რეაგირების ძალაების 1990-იან წლებში ისინი გამოიყენეს სამოქალაქო ომების შესაჩერებლად სიერა ლეონეში, ლიბერიასა და გვინეა-ბისაუში, ხოლო 2002 წელს კოტ-დ'ივუარში გადატრიალების შემდეგ.

ნიგერის სამხედრო ხუნტამ, ECOWAS-ის საფრთხის ფონზე, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა შეიარაღებულ ძალებში. ნიგერიის არმიის ახალი შტაბის უფროსად გენერალი მუსა სალაო ბარმუ დაინიშნა. ის კვლავ ნიგერის სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა და პუტჩისტების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. ხუნტამ ასევე სახმელეთო ძალებსა და ავიაციაში მთავარ თანამდებობებზე სანდო პირები დანიშნა.

მსგავსი სიახლეები