დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ნიგერში სამხედრო ოპერაციისთვის მზად არიან

დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სწრაფი რეაგირების ძალები ნიგერში პუტჩისტების დასამხობად და ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, მზად არიან სამხედრო ოპერაცია დაიწყონ.

"ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ, როგორც კი ბრძანებას მივიღებთ," - თქვა პოლიტიკურმა კომისარმა აბდელ-ფატავ მუსამ ECOWAS-ის ქვეყნის მეთაურების შეხვედრის შემდეგ.

მუსას თქმით, ნიგერში შეიარაღებული ინტერვენციის თარიღი უკვე დადგენილია. მან თქვა, რომ განას დედაქალაქ აკრაში ორდღიანი შეხვედრის დროს ECOWAS-ის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ სამხედრო ოპერაციისთვის "იარაღს და რესურსებს" უზრუნველყოფენ.

ამავე დროს, მუსამ აღნიშნა, რომ შაბათს, 19 აგვისტოს, შესაძლოა დიპლომატიური მისია გაიგზავნოს ნიგერში, რათა "კონსტიტუციური წესრიგის მშვიდობიანი აღდგენისკენ გზა გაგრძელდეს."

მან პირობა დადო, რომ თუ ნიგერის სამხედრო ხუნტა გამოავლენს ღიაობას მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ, მაშინ ECOWAS თავს შეიკავებს შეიარაღებული ჩარევისგან, რადგან, როგორც მან თქვა, ეს მაინც არ არის ECOWAS-ისთვის სასურველი ვარიანტი.

ECOWAS-სა და ნიგერის სამხედრო ხუნტას ხელმძღვანელს, გენერალ აბდურაჰმან ჩიანს შორის მოლაპარაკებებს ჯერ სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ნიგერის ახალმა პრეზიდენტმა ალი მაჰამან ლამინ ზეინმა, მსოფლიო საზოგადოებაში მზარდი შეშფოთების ფონზე აღნიშნა, რომ ქვეყნის გადაყენებულ პრეზიდენტ ბაზუმს არაფერი ემუქრება.

"მას არაფერი დაემართება, რადგან ჩვენ ნიგერში ძალადობის ტრადიცია არ გვაქვს," - თქვა ზეინმა The New York Times-თან ინტერვიუში, რომელიც 18 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მანამდე გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახლს, სადაც ბაზუმია დაკავებული, ელექტროენერგია და წყალი გაეთიშა. ხუნტამ ბაზუმის მოკვლის მუქარა ღიად გაახმოვანა, თუ ECOWAS მის ხელისუფლებაში დაბრუნებას სამხედრო ოპერაციით შეეცდება.

NYT-თან ინტერვიუში ზეინმა ასევე აღნიშნა, რომ ნიგერის სამხედრო ხუნტა არ აპირებს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან თანამშრომლობას.

მსგავსი სიახლეები