ფაშინიანი: სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება შესაძლოა უახლოეს მომავალში გაფორმდეს. ამის შესახებ 22 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია, თუმცა მხარეებს შორის მიმდინარეობს "ინტენსიური მოლაპარაკებები", ხოლო სამშვიდობო დღის წესრიგის ხელშეწყობა რჩება კონფლიქტის მოგვარების მთავარ გზად.

"საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო და უფრო მიდრეკილია იმ ფორმულისკენ, რომლის მიხედვითაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა დათქმის გარეშე უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა 29 800 კმ²-ის და 86 600 კმ²-ის ფარგლებში, შესაბამისად, ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის უნდა იყოს დიალოგი მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მან.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი ეთანხმება ამ ლოგიკას და ამის მიხედვით აწარმოებს მოლაპარაკებებს. მან ასევე აღნიშნა საერთაშორისო შუამავლების პოზიტიური მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

"სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მექანიზმები ძალზე მნიშვნელოვანია. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტრატეგიული გარანტია მშვიდობაა, რაც შესაძლებელია, როცა ყველა მეზობელთან ურთიერთობა მოგვარდება. ეს მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენს ხალხს სურს და ელის", - მიიჩნევს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მან აღნიშნა, რომ ევროპასა და აშშ-სთან მოლაპარაკებების პროცესში სომხეთი არ განიხილავს "რუსეთის ფედერაციის რეგიონიდან გაძევებას."

"კიდევ ერთი საკითხია, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან დავიწყეთ უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მანამდე მათთან საერთოდ არ გვისაუბრია, რადგან გვჯეროდა, რომ რეგიონში არის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მაინც დე იურეა და უნდა იყოს ხელშეუხებელი და დაცული. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უსაფრთხოების ეს სისტემა არ მუშაობს ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო, ან არ მუშაობს ისე, როგორც ფორმულირებულია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებში, ჩვენ ვიწყებთ უსაფრთხოების საკითხების განხილვას დასავლელ პარტნიორებთან და არა მხოლოდ დასავლელ პარტნიორებთან", - თქვა ფაშინიანმა. 

18 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, რომ ერევანმა 2007 წელს მიიღო მადრიდის პრინციპები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად, დათანხმდა, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილია.

მსგავსი სიახლეები