გერმანული SPD-ს ლიდერი რუსეთთან მიმართებით პარტიის წარსულ შეცდომებს აღიარებს

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ლიდერმა, ლარს კლინგბაილმა, 18 ოქტომბერს ბერლინში გამართულ ყრილობაზე პარტიის მიერ რუსეთთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომებზე ილაპარაკა.

ლარს კლინგბაილმა ჩამოთვალა ოთხი შეცდომა, რაც, მისი აზრით, სოციალ-დემოკრატებმა ცივი ომის დასრულების შემდგომ დაუშვეს.

მისი თქმით, სოციალ-დემოკრატებს სჯეროდათ, რომ ისტორია ორივე ქვეყანას ერთმანეთისადმი ავალდებულებდა, თუმცა ვერ გაიაზრეს, რომ ვლადიმირ პუტინი სხვა აზრზე იყო და სინამდვილეში ამ კეთილგანწყობას ავტორიტარიზმის გამყარებისთვის იყენებდა.

გარდა ამისა, კლინგბაილის განცხადებით, არ იმუშავა მოსაზრებამ, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რუსეთში სასიკეთო ცვლილებების საწინდარი იქნებოდა, შედეგად კი ეკონომიკური დაახლოების მიუხედავად, ევროპული წესრიგი უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

მესამე შეცდომა, რაც სოციალ-დემოკრატების ლიდერის აზრით პარტიამ დაუშვა, რუსულ ენერგოიმპორტზე გერმანიის ცალმხრივი დამოკიდებულების ზრდა იყო.

მეოთხე მთავარ შეცდომად ლარს კლინგბაილმა გერმანიის შუა და აღმოსავლეთევროპელი პარტნიორების ხმის უგულებელყოფა დაასახელა. მისი თქმით, ამის შედეგად, გერმანიამ მათი ნდობა დაკარგა.

მშვიდობა: რუსეთთან ერთად თუ რუსეთის გარეშე?

სოციალ-დემოკრატიული პარტიის 2007 წელს მიღებულ პროგრამაში, რომელიც დღემდე მოქმედია, ვკითხულობთ, რომ გერმანიისა და ევროკავშირისთვის რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა "გარდაუვალია" და "რუსეთის გახსნა კონტინენტზე მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველჰყოფს".

სოციალ-დემოკრატების 2021 წლის პროგრამაში, რომლის საფუძველზეც გერმანიაში 16 წლის შემდეგ პირველად აირჩიეს სოციალ-დემოკრატი კანცლერი, წერია, რომ "ევროპაში მშვიდობა არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ რუსეთთან ერთად იარსებებს".

ლარს კლინგბაილის თქმით, ცივი ომის დასრულების შემდგომ სოციალ-დემოკრატებს სწამდათ, რომ რუსეთთან ურთიერთობები მხოლოდ უკეთესობისკენ თუ წავიდოდა, რამაც პარტია შეცდომებამდე მიიყვანა.

სოციალ-დემოკრატების ამჟამინდელი ლიდერის თანახმად, რუსეთთან დამოკიდებულება ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს.

მისი განცხადებით, არასწორია მოსაზრება, რომ ევროპაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით იარსებებს.

"ახლა საქმე ისაა, რომ რუსეთისგან ვიყოთ უსაფრთხოდ", - თქვა კლინგბაილმა, - "რუსეთი საერთო უსაფრთხოების სისტემიდან და ღირებულებითი წესრიგიდან გავიდა. ჩვენი უსაფრთხოების სისტემა კი რუსეთის გარეშე უნდა მუშაობდეს".

უკან დასაბრუნებელი გზა დამწვარია

გერმანელი სოციალ-დემოკრატების ლიდერმა გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს შეცდომების სრული ჩამონათვალი არაა, თუმცა მისთვის მთავარი ისაა, რომ "ამხანაგებმა" წარსულიდან სწორი გაკვეთილები ისწავლონ.

ლარს კლინგბაილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გრძელვადიან პერსპექტივაშიც წარმოუდგენელია:

"რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ ომამდე არსებულ სტატუს-ქვოს ვერ და არ დავუბრუნდებით", - თქვა მან.

სოციალ-დემოკრატიული პარტია 2023 წლის ბოლოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიას წარმოადგენს. იქამდე "ამხანაგები" შესაბამის ინიციატივებზე იმუშავებენ.

 

მსგავსი სიახლეები