კოფმანი: რთული პოლიტიკური არჩევანის გარეშე ფრონტის გარღვევის რისკი იზრდება

უკრაინას შეუძლია მოიგერიოს რუსეთის იერიშები მიმდინარე წელს, მაგრამ ამისთვის საჭიროა მობილიზაცია, საფორტიფიკაციო ხაზები და დასავლური დახმარება. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებულ ანალიზში Carnegie-ის ფონდის უფროსი მკვლევარი, მაიკლ კოფმანი წერს

უკრაინიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული კოფმანი ფრონტზე არსებულ ვითარებას რთულს უწოდებს. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ მაიკლ კოფმანის სტატიის თარგმანს. 

უკრაინის მთავარი გამოწვევები ცოცხალი ძალა, თავდაცვითი ხაზები და საბრძოლო მასალაა - ეს ურთიერთდაკავშირებული პრობლემებია. ასევე, არსებობს მრავალფეროვანი დასავლური სამხედრო ტექნიკის შენარჩუნებისa და შეკეთების პრობლემა, საჭიროა სათადარიგო ნაწილების წარმოებისა და რემონტის პროცესის ლოკალიზაცია. 

მობილიზაციისთვის საჭირო რესურსები, დასავლეთის დახმარება და ცოცხალი ძალის შევსება ასევე ურთიერთდაკავშირებული საკითხებია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცოცხალი ძალის უკმარისობის პრობლემის მოგვარებას უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე შეიარაღების ტრანსპორტირებას, რაც დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში სწრაფად მოხდება. 

უკრაინას სჭირდება მეტი ქვეითი, რომელთა აღჭურვაც რთული არაა. ამ დროისთვის, უკრაინულ ბატალიონებში რამდენიმე ქმედითი ოცეულია, რომლებსაც ხშირად არ შეუძლიათ საკვანძო დავალებების შესრულება. ქვეითები აუცილებელია არა მხოლოდ შეტევისთვის, არამედ, თავდაცვითი ხაზებისა და სანგრების დასაცავად.

მობილიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ წვევამდელების ასაკობრივი ან სხვა კატეგორიების ცვლილებას, ეს ეხება სამხედრო სამსახურის პირობებს, დემობილიზაციის ვადებსა და სხვა საკითხებს, რაც საჭიროა ვითარების სტაბილიზაციისთვის. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის პოვნა უკვე არსებულ დანაყოფებში საუკეთესო დროებითი ზომაა. 

ფორტიფიკაციების მშენებლობის უკვე მიმდინარე ეროვნული გეგმა მრავლობით თავდაცვით ხაზებს ითვალისწინებს, ორგანიზებული თავდაცვითი პოზიციებითა და საცეცხლე წერტილებით. უკრაინისთვის დაუყოვნებლივი გამოწვევაა სუსტი მეორადი თავდაცვითი ხაზები. 

უკრაინა განიცდის ამუნიციისა და საარტილერიო ჭურვების დეფიციტსაც, რაც მზარდი პრობლემაა. ეს არის სფერო, რაშიც დასავლურ დახმარებას უკრაინისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. სანამ კონგრესი დამატებითი დაფინანსების მიღებაზე მსჯელობს, ცოცხალი ძალისა და ამუნიციის უკმარისობა რუსეთის არმიის წინსვლაში გამოიხატება. 

ამ მომენტისთვის, რუსეთის საცეცხლე უპირატესობა (5:1-ზე) მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით არ არის გადამწყვეტი. უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-კოსმური ძალების მიერ მართვადი ავიაბომბების მზარდი გამოყენება. საუბარია დაახლოებით 30-40 ავიაბომბზე ყოველდღიურად, რომელთა გაშვების მანძილიც იზრდება (40-50 კმ).

ამ ტიპის ბომბები არ არის ზუსტი, მაგრამ მათ დამანგრეველი ეფექტი აქვთ. ეს არ არის ახლო საჰაერო მხარდაჭერის ფუნქცია, მაგრამ ეს ბომბები ბოჭავს უკრაინულ დანაყოფებს, ანადგურებს მათ ფორტიფიკაციებსა და შენობებს. ავდიივკიდან უკრაინული ძალების გასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მართვადი ავიაბომბების კონცენტრირებული დარტყმები იყო. 

2023 წელს რუსეთმა დანაკარგების ჩანაცვლება და დამატებითი საბრძოლო შენაერთების ფორმირება შეძლო. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის არმიამ, მაღალი ალბათობით, ასობით ათასი მოხალისე დაარეკრუტა, თუმცა მათი რიცხვი არ აღმოჩნდა საკმარისი 2022 წელს მობილიზებულების როტაციისთვის, მაგრამ ეს არც ყოფილა კრემლის პრიორიტეტი. 

ამ დროისთვის რუსეთის მთავარი შეზღუდვა არა ცოცხალი ძალა და ამუნიცია, არამედ აღჭურვილობა და არსებული შენაერთების დიდი მასშტაბით გამოყენების უუნარობაა. რუსეთს შეუძლია მთლიანი არმიისთვის საკმარისი აღჭურვილობის განიავება ავდიივკის მსგავს კამპანიაში. 

რუსეთის აღჭურვილობის უმრავლესობა ამ დროისთვის სამხედრო საწყობებიდან მოდის, არმია ნელ-ნელა ჭამს საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას. ამასობაში, იზრდება ახალი ტექნიკის წარმოებაც, მაგრამ სავარაუდოა, რომ ასეთი აღჭურვილობის წილი 20%-ს არ აღემატება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 2025-2026 წლებში რუსეთი შესაძლოა აღჭურვილობის დეფიციტის მზარდ პრობლემებს შეეჩეხოს (ეს დამოკიდებული იქნება დანაკარგებზე).

ქვეითთა საბრძოლო მანქანანების სიმცირიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევებში რუსები ქვეითების გადასაყვანად T-54, T-55-ის ტიპის ტანკებსა და МТ-ЛБ-ის ტიპის დაჯავშნულ მანქანებს იყენებენ. ეს არ ნიშნავს, რომ რუსებს მალე გამოელევათ დაჯავშნული საბრძოლო მანქანები, მაგრამ აჩვენებს არსებულ შეზღუდვებს. 

აღჭურვილობის შენარჩუნების აუცილებლობა გულისხმობს, რომ რუსეთი გადართულია საცეცხლე უპირატესობის ექსპლუატაციასა და მცირე ქვეითი დანაყოფების მრავლობით შეტევებზე. ეს ტაქტიკა იძლევა უმნიშვნელო წინსვლას, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფრონტის მასშტაბურ გარღვევაში გადაიზარდოს. 

ამ ტაქტიკიდან გამომდინარე, რუსეთის არმია წინ ვერ მიიწევს ფრონტს იმ მონაკვეთებშიც კი, სადაც, ეს წესით უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო. საუბარია, მაგალითად, რობოტინეს შვერილზე. მოსალოდნელია, რომ უფრო მასშტაბურ შეტევებს (ავდიივკის თავდაპირველი შტურმის მსგავსს) ზაფხულსა და შემოდგომაზე ვიხილავთ. 

თავდაცვის მობილური ჯგუფებისა და ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობების წყალობით, პარალელურად უმჯობესდება უკრაინის შესაძლებლობები შორეული დრონების გადაჭერის კუთხითაც. ამ დროისთვის, ჩამოგდების მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ის ფარგლებშია. 

ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული დანაყოფები უფრო ინტეგრირებულად იბრძვიან - ხშირად, კომბინირებული ელექტრონული დაზვერვის სისტემები და დრონის დანაყოფები უფრო უკეთეს, სინქრონიზებულ და ინფორმაციაზე დაფუძნებული მეთოდებით. ელიტური დანაყოფებში სწორედ ამგვარი სისტემაა. 

უკრაინა ზრდის FPV დრონების წარმოებას და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს 1 მილიონს გადააჭარბებს. საქმე ის არის, რომ ამ ტიპის დრონებს უკვე წარმატებით უპირისპირებდა ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობები. აქედან გამომდინარე, დაპირისპირება რაოდენობრივზე მეტად ხარისხობრივ განზომილებას იღებს. 

ამ ეტაპზე, დრონები ნაწილობრივ ანაზღაურებს საარტილერიო ჭურვების დეფიციტს, განსაკუთრებით თავდაცვით ოპერაციებში, მაგრამ დრონები ვერ ანაცვლებს საარტილერიო ცეცხლის მოცულობას, მისი წვდომის არეალსა და მოწინააღმდეგის შებოჭვის ეფექტს. ელიტური დანაყოფების შედეგები არ ასახავს მთელ ფრონტზე არსებულ ვითარებას. 

დასავლური დახმარებით, სტაბილიზებული უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ რუსეთის იერიშების მოგერიებას. ეს გულისხმობს, რომ უკრაინა ააგებს თავდაცვით ხაზებს, მიიღებს დამატებით დაფინანსებასა და ამუნიციას და მომდევნო თვეებში შეძლებს ცოცხალი ძალის პრობლემის მოგვარებას. 

დასავლეთის ინდუსტრიული წარმოების მოცულობები იზრდება, უკრაინის კომერციული საზღვაო ტრაფიკი მნიშვნელოვნად იზრდება. თუ უკრაინა შეძლებს 2024 წელს ფრონტის შენარჩუნებას, რუსეთის მიმდინარე უპირატესობები არ იქნება გადამწყვეტი და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, შემცირდეს კიდეც. 

მიუხედავად ამისა, თუ მომდევნო თვეებში უკრაინაში რთული პოლიტიკური არჩევანი არ გაკეთდა, რუსეთის უპირატესობები გაიზრდება. ამ სცენარში, წლის მეორე ნახევარში, რუსეთის მიერ ფრონტის გარღვევის შანსი მკვეთრად იზრდება.

მსგავსი სიახლეები