"მსგავსი სცენები ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს" — ირანელი ექიმები მოკლულ დემონსტრანტებზე
ირანელმა ექიმებმა რეფორმისტულ გამოცემა IranWire-თან საავადმყოფოებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, სადაც ისინი აქციებზე დაჭრილ დემონსტრანტებს მკურნალობენ.
ვითარების არსი: პარასკევს, შირაზში, სამედიცინო პერსონალი დახმარებას უწევდა თავის არეში დაჭრილ ქალს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულ ქალს თავის გვერდითა ნაწილზე სისხლის კვალი ჰქონდა.
- "მსგავსი სცენები ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს," — ისმის ერთ-ერთი ექიმის ხმა ვიდეოში. "ამ უნამუსოებმა მას თავში და კისერში ესროლეს. წარმოდგენა გაქვთ, რამდენი პაციენტი გვყავს?"
- ნეიშაბურელმა ექიმმა განაცხადა, რომ პარასკევს უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეებს შენობების სახურავებიდან დაუწყეს სროლა.
- "ისინი სახურავებიდან და ტერასებიდან ისვრიან. ისინი არ იყვნენ ქუჩაში, სადაც ხალხი მათ დაინახავდა და გაიქცეოდა," — ამბობს ის IranWire-ისთვის გაგზავნილ აუდიოშეტყობინებაში. "ისინი ჩვეულებრივ ქვეითებსაც კი ესვრიან."
სიღრმისეულად: ერთ-ერთი სამედიცინო წყაროს ცნობით, ხუთშაბათს თეირანის ყალა-ე ჰასან ხანის რაიონში ჩატარებული აქციის შემდეგ სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ისინი თავისა და კისრის არეში დაჭრეს.
- ერთი დღის შემდეგ, იმავე რაიონში გამართული აქცია კვლავ სასტიკად დაარბიეს. უსაფრთხოების ძალები მომიტინგეებს შენობის სახურავიდან ესროდნენ.
- წყაროს თქმით, მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს ბანკს და სცადეს "ბასიჯის" ძალების ბაზის დაკავება.
- ნეჯეფაბადში ხუთშაბათს მომხდარი სროლის შემდეგ, დაშავებულები მუნთაზერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- "ხალხი საავადმყოფოში მივარდა შვილების ცხედრების გამოსატანად. მათ წაიყვანეს შვილები და იმავე ტანსაცმელში დამარხეს," — განაცხადა მედპერსონალის წევრმა. ირანულ მუსლიმურ კულტურაში მიცვალებულებს, როგორც წესი, ბანენ და დაკრძალვამდე თეთრ ბამბის ქსოვილში ახვევენ.
- ხუთშაბათს ინტერნეტის გათიშვამდე, სხვა სამედიცინო წყაროებმა IranWire-ს შეატყობინეს, რომ თეირანის საავადმყოფოებს თვალის დაზიანებით სულ მცირე 500-მა ადამიანმა მიმართა.
დიდი სურათი: ირანში ინტერნეტის გათიშვისა და სატელეფონო ხაზების ჩაჭრის გამო, ქვეყნის გარედან დემონსტრაციების მასშტაბის შეფასება სულ უფრო რთულდება.
- ბრიტანეთიდან მოქმედი გამოცემა Iran International წერს, რომ ყველაზე კონსერვატიული შეფასებებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ირანში სულ მცირე 2 ათასი მომიტინგეა მოკლული.
- ირანის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რეშტის საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა Iran International-ს განუცხადა, რომ მხოლოდ ერთმა საავადმყოფომ სულ მცირე 70 ცხედარი მიიღო.
- აშშ-ში ბაზირებული "ადამიანის უფლებათა დამცველთა საინფორმაციო სააგენტოს" (HRANA) მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 72-მდე გაიზარდა, ხოლო დაკავებულია 2 300-ზე მეტი პირი.
- ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით, რეალურად დაღუპული ასეულობით ადამიანია.
- ჟურნალ TIME-თან საუბრისას თეირანელმა ექიმმა ანონიმურად თქვა, ქალაქის ექვს საავადმყოფოში ხუთშაბათი ღამის მდგომარეობით დარეგისტრირდა მომიტინგეთა გარდაცვალების 217 შემთხვევა.
კონტექსტი: ირანში მიმდინარე დემონსტრაციებმა, რომლებიც ორი კვირის წინ ეკონომიკური მოთხოვნებით დაიწყო, კულმინაციას შაბათს, ინტერნეტის ორდღიანი ბლოკადის ფონზე მიაღწია. აქციებმა ირანის 31-ვე პროვინციის ასობით ქალაქი მოიცვა.
- საპროტესტო აქციების მასშტაბის ზრდასთან ერთად, ისლამურმა რესპუბლიკამ რეპრესიები გაამკაცრა და გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. თუმცა, ადგილზე არსებული ცნობები მიუთითებს, რომ მომიტინგეებმა სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდეს.
- შაბათს ნაშუადღევს, ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამედ მოვაჰედი აზადმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ მომიტინგეები ან ნებისმიერი პირი, ვინც მათ "დაეხმარება," შერაცხული იქნება "ღვთის მტრად" და მათ სიკვდილით დასჯა დაემუქრებათ.