ნავალნაია ლაბორატორიებს მოუწოდებს, მისი ქმრის მოწამვლაზე მონაცემები საჯარო გახადონ

დასავლურმა ლაბორატორიებმა, რომლებმაც ანალიზების საფუძველზე მიიღეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, ეს მონაცემები საჯარო უნდა გახადონ. ეს მოწოდება გარდაცვლილი პოლიტიკოსის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ 17 სექტემბერს გაავრცელა.
ვითარების არსი: "2024 წლის თებერვალში ჩვენ შევძელით, რომ ალექსეის ბიოლოგიური მასალები მიგვეღო, საზღვარგარეთ გადაგვეგზავნა და ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის ლაბორატორიისთვის გადაგვეცა. რამდენიმე თვის წინ შევიტყვე, რომ შედეგები მიღებულია და უკვე ორი ქვეყნის ორმა ლაბორატორიამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დაასკვნა, რომ ალექსეი მოწამლული იყო," - დაწერა ნავალნაიამ Telegram-ზე.
- იულია ნავალნაიას თქმით, "დასავლურ ქვეყნებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოების არანაირი იურიდიული საფუძველი არ აქვთ," რადგან რუსეთის მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე მოკლეს და ამის ყველა მტკიცებულებაც რუსეთის ტერიტორიაზეა.
- მან აღნიშნა, რომ "პოლიტიკური მოსაზრებებისა" და სხვა მიზეზების გამო, ოპოზიციონერის ახლობლებსა და თანამოაზრეებს არ შეუძლიათ ოფიციალური შედეგების მიღება, სადაც წერია, კონკრეტულად რა საწამლავით მოწამლეს ის.
- "მაგრამ ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ამ სიმართლის ცოდნას. მე ვითხოვ, რომ გამოქვეყნდეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელი საწამლავით მოწამლულეს ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. მე ამას ვითხოვ ჩემთვის, ჩვენი შვილებისთვის, ალექსეის მშობლებისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის რუსეთში და მთელ მსოფლიოში ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის," - განაცხადა მან.
სტრიქონებს შორის: კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 17 სექტემბერს ჩატარებულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მისთვის არაფერი იყო ცნობილი იულია ნავალნაიას განცხადებების შესახებ, რომელიც მისი ქმრის ბიომასალების დასავლური ლაბორატორიების მიერ შესწავლას ეხებოდა.
- "მის ამ განცხადებებზე არაფერი ვიცი, ვერაფერს ვიტყვი," - ციტირებს პესკოვს ონლაინ გამოცემა Gazeta.ru.
- "ანალიზის შედეგებს პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია," - დაამატა პუტინის პრესმდივანმა, ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რატომ თქვეს ლაბორატორიებმა ამ მონაცემების გამოქვეყნებაზე უარი.
კონტექსტი: 2020 წლის აგვისტოში, ტომსკი-მოსკოვის რეისის ბორტზე ალექსეი ნავალნიმ გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში გადაუდებლად დაეშვა, სადაც პოლიტიკოსს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
- რამდენიმე დღეში უგონო მდგომარეობაში მყოფი ნავალნი ბერლინის კლინიკა "შარიტეში" გადაიყვანეს, სადაც მკურნალობა და რეაბილიტაცია გააგრძელა.
- გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეცლაბორატორიის ექსპერტებმა, რუსი ოპოზიციონერისგან აღებული ნიმუშების ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარების შემდეგ "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.
- ანალოგიურ დასკვნამდე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიები, ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (ОЗХО) ექსპერტები მივიდნენ.
- 2021 წლის იანვარში ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, სადაც ის დააკავეს, გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს.
- 2024 წლის 16 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადემირ პუტინის მთავარი ოპონენტი ციმბირის კოლონიაში გარდაიცვალა.