NYT: ხერსონის შემდეგ უკრაინა შესაძლოა მელიტოპოლის გათავისუფლებას გეგმავდეს

ხერსონში სტრატეგიული გამარჯვების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომდევნო იერიში შესაძლოა ოკუპირებული მელიტოპილის მიმართულებით განვითარდეს. 

ამის შესახებ New York Times ინფორმირებულ უკრაინელ და ამერიკელ სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს

მასაში ნათქვამია, რომ ხერსონიდან რუსების გაქცევის შემდეგ უკრაინელებს არ შეუწყვეტიათ საარტილერიო იერიში და აქტიურად ანადგურებენ ოკუპანტების პოზიციებს დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე, სანამ ისინი პოზიციების გამაგრებას შეძლებენ. 

უკრაინელი მებრძოლები და მათთან დაკავშირებული მოხალისეები მიანიშნებენ, რომ უკრაინის არმიის მომდევნო სამიზნე შესაძლოა დონბასსა და ხერსონს შორის მოქცეული ტერიტორია გახდეს, კერძოდ კი მელიტოპილის რაიონი. ამ მიმართლებით უკრაინელების იერიში მწვავე პრობლემებს შეუქმნის რუსეთის ზოგად მდგომარეობას სამხრეთში. 

"ომის ლოგიკა არ გვკარნახობს შეჩერებას. ნებისმიერ ფასად წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ვფიქრობ იქნება კონტრშეტევები სხვა მიმართულებებით, რათა მტერს ძალების მოკრების საშუალება არ მივცეთ",- ამბობს გაზეთთან საუბარში ლეიტენანტი ანდრეი მიხეიჩენკო, რომელიც ბახმუტთან სატანკო დანაყოფს ხელმძღვანელობს. 

ხერსონიდან რუსების გაქცევის შემდეგ ბევრი სამხედრო ექსპერტი მიიჩნევდა, რომ ზამთარში ფრონტის ხაზი ბუნებრივი პირობებისა და ორივე მხარეს გადაჯგუფების საჭიროებების გამო დასტაბილურდებოდა. 

მიუხედავად ამისა, უკრაინაში მიიჩნიათ, რომ საომარი მოქმედებების ინტენსივობის შემცირება და კონფლიქტის გაყინვა რუსების პოზიციებს გაამყარებს და შესაბამისად იერიშის შეჩერებას არ აპირებენ. 

სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რადგანაც ხერსონთან ახალი ფრონტის ხაზი მდინარე დნეპრზე გადის, რომლის სიგანეც დიდია, ხოლო მასზე გასასვლელი ხიდები განადგურებულია, ეს გაართულებს უკრაინისთვის მდინარეს აღმოსავლეთ ნაპირზე იერიშს. 

სახმელეთო იერიშის გარეშეც უკვე ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის არმია საარტილერიო დარტყმებით ეფექტურად ანადგურებს დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე დაბანაკებულ ოკუპანტებს. მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება პარტიზანული შეტევები და ეფექტური სპეცოპერაციები. 

ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და სამხედრო კომენტატორი ჩაკ ფარერი, გამოცემა Mryia report-თან საუბარში ამბობს, რომ მაღალი ალბათობით უკრაინული არმიის შემდგომი სამიზნე სწორედ მელიტოპილი იქნება. 

სხვა სამხედრო ექსპერტები მეტად ფრთხილობენ და მიუთითებენ, რომ უკრაინის არმიის ოპერაციული პაუზა დასჭირდება. ბევრი მათგანი აქტიური იერიშის განახლებას გაზაფხულზე ელოდება. დროით პერსპერქტივაში განსხვავების მიუხედავად, ამ ბანაკის ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ მაღალი ალბათობით უკრაინის მთავარი ძალისხმევა მელიტოპილისკენ იქნება მიმართული. 

ორივე ბანაკის ექსპერტები ეჭვობენ, რომ უკრაინას ამ დროისთვის საკმარისი რაოდენობის ცოცხალი ძალა და ტექნიკა აქვს. სავარაუდოა, რომ ხერსონის იერიშის ფარგლებში უკრაინელებს უმძიმესი დანაკარგები ჰქონდათ. 

ზაპორიჟიაში მოქმედი მოხალისეების დანაყოფის მეთაური გამოცემასთან საუბარში ადასტურებს მაღალ დანაკარგებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი დანაყოფი დღეში დაახლოებით 20 მებრძოლს კარგავდა. მისი შეფასებით ჯამურად მთელი ფრონტის პერიმეტრზე უკრაინის დღიური დანაკარგები 100-დან 200 მებბრძოლამდე მერყეობს.

ასეთი მასშტაბური დანაკარგებს განიცდიდა უკრაინის არმია გაზაფხულზე რუსეთის მიერ დონბასზე დაწყებული მასირებული იერიშის დროსაც.

 

მსგავსი სიახლეები