პუტინმა ტრამპს მთლიანი დონეცკი მოთხოვა, სანაცვლოდ კი 2 ოლქის ნაწილი შესთავაზა

16 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში ვლადიმირ პუტინმა ომის დასრულების სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული არმიის გასვლა მოითხოვა, სანაცვლოდ კი ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქის ნაწილი შესთავაზა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- გაზეთის წყაროებით ბოლო სატელეფონო საუბარში პუტინის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები ოდნავ ნაკლებად ამბიციურია, ვიდრე მის მიერ ალასკაში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხივე ოლქიდან მოითხოვა უკრაინული არმიის გაყვანა.
- ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქში გარკვეული ტერიტორიების დათმობის მზაობა ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთმა წევრმა პროგრესად აღიქვა, თუმცა მათთვისაც გასაგებია, რომ უკრაინელები აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდებიან.
ჩაშლილად: გაზეთის წყაროების ცნობით, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინულ დელეგაციას დონეცკის დათმობისკენ მოუწოდებდა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
- სწორედ უიტკოფი იყო ალასკაში გამართული სამიტის შუამავალი - უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრაზე უიტკოფი ამახვილებდა ყურადღებას, რომ დონეცკის მოსახლეობა რუსულენოვანია.
დიდი სურათი: ამასთანავე რამდენადაც საჯარო განცხადებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ტრამპი ჯერჯერობით არ იზიარებს პუტინის მოთხოვნას - ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკელი პრეზიდენტი წერდა, რომ კონფლიქტი ფრონტის არსებულ ხაზებზე უნდა გაიყინოს.
- ფრონტის არსებულ მდგომარეობაში გაყინვას და დაუყოვნებლივ ზავს მხარს უჭერს უკრაინაც.
კონტექსტი: გაზეთის წყაროების ცნობით, ტერიტორიული საკითხები ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მომავალი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
- შეხვედრის შესახებ შეთანხმება პუტინისა და ტრამპის რიგით მერვე სატელეფონო საუბარში შედგა და ის მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ბუდაპეშტში გაიმართება.
- ამერიკის მხრიდან სამიტის მომზადებას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, რამაც წყაროების ცნობით, უკრაინული დელეგაცია დაამშვიდა.
- უკრაინასა და არაერთ ევროპულ დედაქალაქში მიაჩნიათ, რომ უიტკოფი ვერ ერკვევა ვითარებაში და ვერ გამოაქვს სწორი გზავნილები კრემლთან კომუნიკაციის შემდეგ.
- დასავლური მედიის ცნობით, სწორედ უიტკოფის მიერ არასწორად ინტერპრეტირებული პუტინის პოზიციები გახდა ალასკის სამიტის ორგანიზებისა და შემდეგ მისი წარუმატებლობის მიზეზი.
სიღრმისეულად: უარი ტომაჰავკებზე და დაძაბული შეხვედრა - როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა აშშ-ში