ტრამპის თქმით სურს ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 27 ნოემბრამდე მოაწეროს
დონალდ ტრამპმა დაადასტურა დასავლურ მედიაში გავრცელებული ხმები, რომ მის ადმინისტრაციას სურს ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 ნოემბრამდე (რედ. წელს ამ დღეს ამერიკაში მადლიერების დღე აღინიშნება) მოაწეროს ხელი მის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებას.
ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ის რადიოში, ბრაიან კილმიდთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
- "ჩვენ ბევრი დედლაინი გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ მომდევნო ხუთშაბათი (27 ნოემბერი) შესაბამისი დროა"- განაცხადა ტრამპმა და ამასთანავე არ გამორიცხა, რომ ბოლო ვადა კვლავ გაგრძელდეს.
ჩაშლილად: ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ მოიცავს მისი ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა უკრაინისგან დამატებით ტერიტორიულ დათმობებს ტრამპმა განაცხადა, რომ "უკრაინა მალე ისედაც დაკარგავს ამ მიწას."
- "ისინი კარგავენ მიწებს. შენ იცოდი, რომ გასულ თვეში ორივემ ჯამურად 25 ათასი ადამიანი დაკარგა, მხოლოდ გასულ თვეში. ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება, ეს სისხლიანი აბანოა"- განაცხადა ტრამპმა.
- კილმიდმა ყურადღება გაამახვილა, რომ უკრაინასთან ომის დასრულების შემდეგ პუტინი შესაძლოა თავს დაესხას ბალტიურ ქვეყნებს - "ის შეჩერდება, მას არ სჭირდება კიდევ ერთი ომი. რაც გინდა ის თქვი, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ ომი ჩაფიქრებული იყო როგორც ერთდღიანი და უკვე ოთხი წელია გრძელდება"- იყო ტრამპის პასუხი.
- ამავე გამოსვლაში ტრამპმა შეაქო მის მიერ რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიებისთვის დაწესებული სანქციები და განაცხადა, რომ არ აპირებს მათ გაუქმებას.
სტრიქონებს შორის: ამგვარად ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა, რომლის არაერთი პუნქტი უკრაინის მიერ მრავალჯერ უარყოფილ დათმობებს მოიცავს.
- ასე მაგალითად, არსებულ ვერსიაში უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკის ოლქიდან, ასევე უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, აიღოს არმიის რიცხოვნების შემცირების ვალდებულება და მიიღოს მკაცრი შეზღუდვები შორეული შეიარაღების ქონის შესახებ, გამოაცხადოს ამნისტია ომის დამნაშავეებზე და შეეგუოს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულუფლებიან წევრად.
- მეორეს მხრივ, ტრამპის მიერ წარდგენილი პაკეტი უკრაინისთვის აქამდე შეთავაზებულ ყველაზე "გულუხვ" უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
კონტექსტი: შექმნილ ვითარებაში უკრაინელებს საგანგებოდ მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - 10 წუთიან ვიდეო-მიმართვაში უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავის არსებობის ისტორიაში ურთულეს პერიოდს გადის.
- "უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: დაკარგოს ღირსება, ან დაკარგოს საკვანძო პარტნიორი. ან რთული 28 პუნქტი ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, ყველაზე მძიმე და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსების და სამართლიანობის გარეშე - ან დავუჯეროთ იმას ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს"- განაცხადა ზელენსკიმ.
- ამასთანავე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს მშვიდად მუშაობს შემოთავაზებულ გეგმაზე ამერიკელებთან და ევროპელებთან.
- Reuters-ის ინფორმაციით, დათქმულ ვადაში სამშვიდობო ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეჩერებით დაემუქრა.
სიღრმისეულად: ზელენსკი: ურთულესი არჩევანი გვაქვს: ღირსების დაკარგვა ან საკვანძო პარტნიორის