WSJ: ჩინეთი კუბაზე სამხედრო საწვრთნელი ბაზის მშენებლობას გეგმავს

კუბა და ჩინეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს კუნძულზე ერთობლივი სამხედრო საწვრთნელი ბაზის მშენებლობის შესახებ, რაც შესაძლოა კუბაზე ჩინური სამხედრო დანაყოფების განთავსებასაც ითვალისწინებდეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal აშშ-ს სადაზვერვო უწყებების საიდუმლო ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს

საიდუმლო ანგარიშის მიხედვით მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. გაზეთის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უკვე დაუკავშირდა კუბის ხელმძღვანელობას. 

8 ივნისს Wall Street Journal წერდა, რომ ჩინეთი და კუბა კუნძულზე ახალი მოსასმენი სადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმდნენ. მომდევნო დღეებში გაასარაჯაროვა საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც დასტურდება, რომ ჩინეთის მოსასმენი ინფრასტრუქტურა კუბაზე 2019 წლიდან მოქმედებს. 

გაზეთთან საუბარში ამერიკული დაზვერვის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ საწვრთნელი ბაზის ფარგლებში ჩინეთმა შესაძლოა კუნძულზე საკუთარი ჯარები განათავსოს, გარდა ამისა გაზარდოს სადაზვერვო და სხვა სახის ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობები. 

ამ წუხილებს აძლიერებს ის ფაქტი, რომ კუბაზე საწვრთნელი შტაბი ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ე.წ. პროექტ 141-ის ნაწილია. ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, პროექტი მთელ მსოფლიოში ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების გაფართოებასა და ლოჯისტიკის გამართვას ისახავს მიზნად. 

იმავე პროექტის ნაწილია ჩინეთის არმიის ნავსადგური კამბოჯაში და  სამხედრო პორტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. გარდა ამისა ჩინეთს უკვე აქვს სამხედრო ბაზა ჯიბუტიში. 

გაზეთთან საუბარში ჩინეთისა და კუბის საელჩოს თანამშრომლებმა უარყვეს მსგავსი გეგმების არსებობა და პუბლიკაციას გამოგონილი უწოდეს. 

კონტექსტი 

საერთაშორისო ურთიერთობების არაერთი მკვლევარი კუბაზე სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ჩინეთის მხრიდან ტაივანზე აშშ-ს პოლიტიკის გეოგრაფიულ პასუხად განიხილავს. 

ტაივანი მატერიკული ჩინეთისგან დაახლოებით 120 კილომეტრითაა დაშორებული - დაახლოებით იმავე მანძილია კუბასა და ფლორიდას შორის. 

მსგავსი სიახლეები