ჩინეთის და ბრაზილიის ლიდერები პუტინს მოუწოდებენ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი

ჩინეთისა და ბრაზილიის ლიდერები ვლადიმირ პუტინს მოუწოდებენ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი უკრაინასთან და გაემგზავროს სტამბოლის შეხვედრაზე - რუსეთის პრეზიდენტის დარწმუნებას პირადად შეეცდება მოსკოვში ცოტა ხნის წინ ჩასული ლულა და სილვა. 

State Of Play: სი ძინფინგისა და ლულა და სილვას მოწოდებები ვლადიმირ პუტინის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო წნეხზე მიუთითებდეს, საყურადღებოა, რომ საუბარია იმ ქვეყნების (ე.წ. გლობალური სამხრეთი) ლიდერებზე, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევს. 

  • სი ძინფინგი და ლულა და სილვა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმის ყველაზე მაღალი რანგის სტუმრები იყვნენ. 

  • "მე შევეცდები დაველაპარაკო პუტინს. ჩემთვის არ არის რთული ვუთხრა: ამხანაგო პუტინი, გაემგზავრეთ სტამბოლში და დაიწყეთ მოლაპარაკებები"- განაცხადა ლულამ, 13 მაისს პეკინში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 

  • ამავე ღონისძიებაზე ლულამ განაცხადა, რომ პეკინიდან მოსკოვში გაივლის და ვლადიმირ პუტინს შეხვდება - ფრენების სამინოტირინგო რესურსების მონაცემებით, ბრაზილიელი პრეზიდენტის თვითმფრინავი უკვე დაეშვა მოსკოვში. 

Big Picture: 13 მაისვე გავრცელდა ბრაზილიისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარეები გამოთქვამდნენ იმედს, რომ კიევი და მოსკოვი "რაც შეიძლება სწრაფად" დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც "კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზაა."

  • ერთი კვირით ადრე, პირად შეხვედრაზე "სამართლიანი და მყარი" სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდა სი ძინფინგმაც.

Сontext: სტამბოლში გამგზავრებისკენ მოუწოდებენ ვლადიმირ პუტინს ევროპელი და ამერიკელი ლიდერებიც, მაგრამ რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში ნაკლებად მოსალოდნელია. 

  • ე.წ. სტამბოლის ტრეკის განახლების იდეით ვლადიმირ პუტინი მას შემდეგ გამოვიდა, რაც უარი თქვა უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მოთხოვნით 30-დღიან უპირობო ზავზე. 

  • რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას მალევე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას და მზად არის პირადადაც შეხვდეს პუტინს, თუმცა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებები ვერ დაიწყებოდა ზავის გარეშე. 

 

 

მსგავსი სიახლეები