პუტინმა დაადასტურა, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მიიღო

ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და მას ანკორიჯის შეხვედრამდე განხილული დოკუმენტის მოდერნიზებული ვერსია უწოდა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

  • "ჩვენ ეს ტექსტი გვაქვს, ის ამერიკული ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის არსებული წყაროებით მივიღეთ. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს ტექსტიც დაედოს საფუძვლად კონფლიქტის საბოლოო მშვიდობიან დარეგულირებას, მაგრამ საგნობრივად ჩვენთან ამ ტექსტს არ განიხილავენ"- განაცხადა პუტინმა. 

  • მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს სამშვიდობო გეგმაზე უკრაინის დათანხმებას - "როგორც ჩანს უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები კვლავ ილუზიებით იკვიბებიან და რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე ოცნებობენ."

  • პუტინის თქმით, ევროპელებს არ აქვთ რეალური ინფორმაცია ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ. 

ჩაშლილად: ამასთანავე პუტინის თქმით, მსგავსი სამშვიდობო გეგმა განიხილებოდა ალასკაზე დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრამდეც - "წინასწარი განხილვების დროს ამერიკულმა მხარემ ჩვენ გვთხოვა გამოგვევლინა მოქნილობა, ანკორიჯში გამართული შეხვედრის მთავარი შედეგი ის იყო, რომ გარკვეული რთული საკითხებისა და სირთულეების მიუხედავად დავეთანხმეთ ამ წინადადებებს"- განაცხადა პუტინმა. 

  • რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანკორიჯის შემდეგ ამერიკის მხრიდან სამშვიდობო ძალისხმევის პაუზის მიზეზი აღნიშნულ წინადადებებზე უკრაინის უარი იყო. 

  • "ვვარაუდობ, რომ სწორედ ამიტომ შეიქმნა იმავე დოკუმენტის ახალი რედაქცია, არსებითად მოდერნიზებული გეგმა, რომელიც 28 პუნქტისგან შედგება"- განაცხადა პუტინმა. 

კონტექსტი: "თუ კიევში არ სურთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადების განხილვა და უარს ამბობენ მასზე, ამ შემთხვევაში მათაც და ომის ევროპელ გამჩაღებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები 2 კვირის წინ კუპიანსკში განვითარდება, გარდაუვლად განმეორდება, ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზე. შესაძლოა არც ისე სწრაფად როგორც ვისურვებდით, მაგრამ გარდაუვლად" - განაცხადა პუტინმა. 

  • პუტინის თქმით, რუსეთის არმია სრულად აკონტროლებს ქალაქ კუპიანსკს, ეს ეწინააღმდეგება როგორც უკრაინული მხარის მონაცემებს, ასევე დამოუკიდებელი წყაროების შეფასებას.  

მსგავსი სიახლეები