ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპი პუტინთან გამართულ "კარგ საუბარზე" აცხადებს

ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინთან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა - ზარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე 1 საათით ადრე გაიმართა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში (Truth) წერს - მსგავსი, დაუანონსებელი საუბარი ტრამპმა პუტინთან ოქტომბერშიც გამართა. 

  • "ცოტა ხნის წინ მქონდა ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, ეს წინ უძღვის ჩემს შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ, პუტინთან, შეხვედრა გაიმართება მარ-ა-ლაგოს მთავარ სასადილო ოთახში. მადლობა ყურადღება ამ საკითხის მიმართ"- წერს ტრამპი. 

დაეწიე ამბავს: 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინთან. 

  • სწორედ ამ სატელეფონო საუბრიდან გაჩნდა ბუდაპეშტის ახალი სამიტის იდეა, რომელიც ტრამპმა მალევე რუსეთის უკომპრომისო პოზიციების გამო გააუქმა. 

  • მოგვიანებით Bloomberg-ის მიერ გავრცელებული მასალიდან გაირკვა, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბრის ორგანიზების იდეა ვლადიმირ პუტინის მრჩეველს, იური უშაკოვს დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ურჩია. 

დიდი სურათი: დასავლური მედია მოგვიანებით წერდა, რომ შეხვედრამ დაძაბულ გარემოში ჩაიარა და ტრამპი მოუწოდებოდა ზელენსკის დათანხმებოდა რუსეთის მოთხოვნებს დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანის შესახებ. 

კონტექსტი: დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით 22 საათზე დაიწყება, მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იქნება ტერიტორიული დათმობები და ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირება.

  • ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევსა და ვაშინგტონს სერიოზული პროგრესი აქვთ, განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე, თუმცა არსებობს კვლავ გადაუწყვეტელი საკითხები.

  • უკრაინელმა პრეზიდენტმა პირველად გამოხატა მზაობა დონბასში ე.წ. დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე საჭირო იქნება მთლიანად სამშვიდობო შეთანხმების რეფერენდუმზე გატანა, რომელიც არჩევნებთან ერთად ჩატარდება, რომელიც შეუძლებელი იქნება მანამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარეშე.

მსგავსი სიახლეები