სომხეთში მოკლული 23 წლის ჩეჩენი ქალის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი იძებნება

ცნობილი გახდა, რომ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა 23 წლის აიშატ ბაიმურადოვას სიკვდილის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ჩაშლილად: სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაციას რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია CK SOS ავრცელებს, რომელმაც სომხეთის სამართალდამცავებს ცოტა ხნით ადრე მიმართა.

  • ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ორი პირია ეჭვმიტანილი. ისინი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ძებნაში გამოაცხადა. ეჭვმიტანილების ვინაობა არ სახელდება.
  • გამომძიებლებმა მოწმეები დაკითხეს. გარდა ამისა, გარდაცვლილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო მკვლელობის ადგილი შემოწმებულია თითის ანაბეჭდების არსებობაზე.

წინარე ისტორია: 19 ოქტომბერს ერევანში 23 წლის აიშატ ბაიმურადოვა გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ჩეჩენი ქალი 15 ოქტომბერს გაუჩინარდა. ოფიციალურ წყაროებში გარდაცვალების მიზეზი არ არის მითითებული, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით ქალი გაგუდეს.

  • ბაიმურადოვა, რომელიც ჩეჩნეთში ცხოვრობდა, სისტემატიურად იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. 2024 წელს ის უფლებადამცველ ორგანიზაცია CK SOS-ს დაუკავშირდა. 2025 წლის იანვარში უფლებადამცველებმა ქალი ერევანში გააპარეს.

ფართო ხედით: ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას გამოქცეული მსხვერპლების დევნაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მაღალჩინოსნები და სპეცსამსახურები არიან ჩართულები.

  • ბაიმურადოვას შემთხვევაც კარგად დაგეგმილი ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს -  საქმეში ფიგურირებს ვინმე 31 წლის კარინა იმინოვა. სწორედ მასთან შეხვედრას გეგმავდა გაუჩინარებამდე აიშატი. იმინოვა მსხვერპლმა ორი თვით ადრე გაიცნო. ამ პერიოდში იმინოვას ბაიმურადოვას სხვა ნაცნობებიც შეხვედრიან, რამდენიმე მათგანი ახლადშეძენილი მეგობრის ბინაშიც არის ნამყოფი.
  • ტრაგედიის დღეს იმინოვას კვალი გაქრა, ხოლო მის სოციალურ ქსელებში აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრები. უფლებადამცველების აზრით, იმინოვა დამნაშავეების თანამზრახველი იყო, ბაიმურადოვა სახლიდან გამოიტყუა და მკვლელებს ჩაუგდო ხელში.

  • ეჭვს ამყარებს 24 და 25 ოქტომბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის, მანსურ სოლტაევის გამოქვეყნებული ვიდეომიმართვები, რომლებშიც “უფლებადამცველი” ამტკიცებს, რომ მას ხელთ აქვს ბაიმურადოვას მიმოწერები და აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ქალი ამბობს, რომ აქტივისტებმა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლებმა მოტყუებით გაიყვანეს რუსეთიდან. ომბუდსმენი შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აპირებს.

სიღრმისეულად: კავკასიელი ტყვე ქალები ანუ ჩეჩნური ფემიციდი

მსგავსი სიახლეები